მუქარის ბრალდებით დაკავებული ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი აცხადებს, რომ შიმშილობა დაიწყო.
როგორც თამაზ ელიზბარაშვილი წერს, შიმშილობა დაიწყო ორი მოთხოვნით, მიეცეს დედასთან დარეკვის უფლება და დაზიანებულ მუხლზე ოპერაცია ჩაუტარდეს.
„დღეს ორშაბათია, 28 სექტემბერი. სავარაუდოდ, უდედოდ გაზრდილმა პროკურორმა ამიკრძალა დედასთან სატელეფონო საუბარი. 84 წლის ლოგინად ჩავარდნილი, ავადმყოფი დედისთვის ჩემი ხმის გაგონება უებარი წამალია.
ჩემი დედის წამებას არ გაპატიებთ, დაველოდები ღმერთის რისხვას, რაც თქვენს ოჯახებს აუცილებლად დაატყდება ამ ბოროტებისთვის. როგორი სასაცილო და პატარა, ბოროტი კაცუნები ხართ, რომ ასეთი სიბინძურე მოიფიქრეთ, ლოგინად ჩავარდნილ, ავადმყოფ დედასთან სატელეფონო საუბარი ამიკრძალეთ.
დილიდან ვიწყებ შიმშილს ორი მოთხოვნით:
მომეცით დედასთან დარეკვის უფლება;
გამიკეთეთ დაზიანებულ მუხლზე ოპერაცია.
მუხლზე რომელზეც „TV- იმედის“ თანამშრომელმა იმ დღეს რესტორანში მომაყენა ფიზიკური დაზიანება, საოპერაციოა. ადვოკატმა მიიტანა ციხის უფროსთან შესაბამისი სამედიცინო ფორმა-100. მაქვს საშინელი ტკივილები, მაგრამ ციხის მთავარი ექიმისგან რეაგირება არის ნული. ალბათ, ისიც ჩაითრიეს ჩემი წამების ბინძურ საქმეში, მაგრამ ციხის ექიმი ვერ გაბედავდა ჩემ წამებას, რომ არ ჰქონდეს ამაზე „მწვანე შუქი“ იუსტიციის მინისტრისგან, პაატა სალიასაგან.
დღეს შიმშილის პირველი დღეა!“ – წერს ელიზბარაშვილი.
ინფორმაციისთვის, საქართველოს პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს მუქარის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, თბილისის ერთ-ერთ რესტორანში ელიზბარაშვილსა და დაზარალებულს შორის სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტართან დაკავშირებით სიტყვიერი კონფლიქტი მოხდა. უწყების ცნობით, ელიზბარაშვილი დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა, მოგვიანებით კი, მუქარის აღსრულების მიზნით, შეიარაღებული დაბრუნდა ადგილზე და რესტორანში შეჭრას ცდილობდა. პროკურატურის განცხადებით, 31 აგვისტოს ბრალდებულმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვაც გამოაქვეყნა, სადაც მუქარას განაგრძობდა.
