რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ გასულ კვირას 2 200-ზე მეტი დრონი, 1 650-მდე საავიაციო ბომბი და სხვადასხვა ტიპის 38 რაკეტა გამოიყენა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, გაშვებული რაკეტების მნიშვნელოვანი ნაწილი ბალისტიკური რაკეტები იყო.
ამასთან, ზელენსკის ინფორმაციით, წუხელ რუსეთის თავდასხმებს მსხვერპლი მოჰყვა, კერძოდ, სამი ადამიანი დაიღუპა ზაპოროჟიეს ოლქში, ერთი კი – კიევში.
ზელენსკის განცხადებით, თავდასხმების სამიზნე იყო საცხოვრებელი სახლები, ენერგეტიკული და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ოდესის, ხარკოვის, სუმის, მიკოლაივის, ხერსონის, პოლტავის, ჟიტომირისა და კიევის ოლქებში. უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, დილით რუსეთმა კიევში მდებარე მონაცემთა ცენტრს ორჯერ დაარტყა. პირველი დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ორი ბავშვი.
“მუდმივად ვმუშაობთ ევროპელებთან, ამერიკასთან, კანადასთან, იაპონიასთან, ავსტრალიასთან და სხვა პარტნიორებთან ჩვენი თავდაცვის გასაძლიერებლად და რეალური დიპლომატიის წინსვლისთვის. სამწუხაროდ, რაც გვაკლია არის ჩინეთისა და ინდოეთის, ბრაზილიისა და სამხრეთ აფრიკის, ”დიდი ოცეულის” ქვეყნებისა და გლობალური სამხრეთის თანმიმდევრულად ძლიერი პოზიცია. თითოეულ ამ ქვეყანას აქვს გავლენა რუსეთზე და შეუძლია ხელი შეუწყოს მშვიდობის რეალობად ქცევას. აქ, უკრაინაში, გარანტირებული და ღირსეული უსაფრთხოების დამყარება გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებას ნიშნავს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც განზე არ დგას და უკრაინას ეხმარება”, – წერს ზელენსკი.
