„მხოლოდ ამ ღამით რუსული თავდასხმების შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. ბევრი დარტყმა განხორციელდა საცხოვრებელ სახლებზე – კიევში, ზაპოროჟიეში, ოდესის, სუმისა და ხარკოვის ოლქებში. სამწუხაროდ, ზაპოროჟიეში ორი ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს. დანგრეულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა: საბავშვო ბაღი კიევში, ლიცეუმი კიევის ოლქში, უნივერსიტეტი ხარკოვში, ასევე ენერგეტიკული ობიექტები პოლტავის, ნიკოლაევისა და ვინიცის ოლქებში.
მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებს არ დაავიწყდეთ, რომ რუსული ესკალაცია ყოველდღიურად ხდება. თუ რუსებმა აირჩიეს, რომ თავიანთი დარტყმები კიდევ უფრო სასტიკი გახადონ, მსოფლიომ უფრო ძლიერი პასუხები უნდა აირჩიოს, რათა ომი კიდევ უფრო არ გავრცელდეს.
ჩვენ ვთხოვთ პრეზიდენტ ტრამპს, აამოქმედოს ლინდსი გრემის სანქციების კანონი რუსეთისა და ყველას წინააღმდეგ, ვინც მის ომს ფინანსურად უჭერს მხარს. ჩვენ ვთხოვთ პრეზიდენტებს ანტონიო კოშტასა და ურსულა ფონ დერ ლაიენს, დააწესონ დამატებითი ევროპული სანქციები. ჩვენ ვთხოვთ ყველა ლიდერს, არ ამოიღონ რუსი ოლიგარქები არსებული სანქციების სიებიდან და კიდევ უფრო შეზღუდონ ტერორისტებთან ყოველგვარი ვაჭრობა, სანამ რუსეთი ომს არ შეაჩერებს. სწორედ ასე, ერთობლივი ყოველდღიური ძალისხმევით უნდა მივუახლოვდეთ მშვიდობას”, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.
