ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ ორ მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა. მათგან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული ატრიბუტიკა და სხვა მტკიცებულებები ამოიღეს.
საქმის მასალების ნაწილი ექსკლუზიურად მოიპოვა „ქრონიკამ“. ვიდეო მიმართვა „აისისი“-ს ერთ-ერთი ლიდერის მოთხოვნით ჩაწერეს და ელექტრონული ფოსტით გააგზავნეს, მათ „ბაიათი“ ანუ ერთგულების ფიცი დადეს.
ამოღებულია ტერორისტული ორგანიზაციის ხელნაწერი ტექსტი, ბეჭედი ისლამური წარწერით, ვაზნები, ხელყუმბარა, და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, გარდაბნისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში ჩატარებული სპეციალური ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. დანაშაული სასჯელის სახით 10-დან 17-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
