საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ საბერძნეთთან ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საშინაო მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და გუნდის მზადებაზე ისაუბრა.
„საბერძნეთთან რთულ თამაშს ველოდებით, რადგან ძალიან ძლიერი ნაკრებია, მათ ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი აქვთ. ეს ჩვენთვის დამატებითი სტიმულია და მოტივირებულები ვართ. მიმდინარე შესარჩევ ციკლს ჯერ არ შევაფასებ, რადგან თამაშები კიდევ დაგვრჩა და ნაკრებში ნებისმიერი შეხვედრა საპასუხისმგებლოა.
რაც შეეხება მზადებას, ცოტა დრო გვქონდა და სამწუხაროდ, დანაკლისსაც ვერ ავცდით. თუმცა, ეს იმ ფეხბურთელებისთვისაა დამატებითი შანსი, ვინც მათ ნაცვლად გამოვიძახეთ და შემდეგ ციკლში ითამაშებენ, რომლისთვის მზადებაც უკვე დაწყებულია, დარჩენილი მატჩები ღირსეულად უნდა ჩავატაროთ.
ახალწვეულებს შემდეგ შესარჩევ ციკლში დიდი როლი დაეკისრებათ, აქცენტი ცხადია მათზე კეთდება და ამ ბიჭების საქმისადმი მიდგომით კმაყოფილი ვარ, თუმცა უნდა დაამტკიცონ, რომ ნაკრებში ყოფნას იმსახურებენ“, – თქვა რამაზ სვანაძემ.
