გრიგოლ გეგელიამ ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლას “უშინაარსო სადღეგრძელოებით გაძეძგილ სანახაობას” უწოდებს.
როგორც პოლიტიკოსმა კოალიციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მთავრობის მეტაურს არც ერთი სიტყვა არ უტქვამს საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ ამოცანაზე, რაც არის ქვეყნის ევროპულ კავშირში გაწევრიანება.
“შესაბამისად, ჩვენ ვნახეთ კიდევ ერთი უღიმღამო, უშინაარსო, ყოველგვარი ეროვნული მიზნისა და ამბიციისგან დაცლილი პროპაგანდისტული გამოსვლა”, – ამბობს გეგელია.
გაეროში კობახიძის გამოსვლა იყო ეროვნული მიზნისა და ამბიციისგან დაცლილი, უშინაარსო სადღეგრძელოებით გაძეძგილი სანახაობა და არა ერის სუვერენული ინტერესების დამცველი ლიდერის სიტყვა.
მშვიდობაზე საუბრობს პრემიერი, რომელმაც მთელ ცივილიზებულ სამყაროს ომი გამოუცხადა. ევროკავშირის სიკეთეებზე საუბრობს პრემიერი, რომელმაც ევროკავშირის ყველა სიკეთეს დააშორა ჩვენი ქართული სახელმწიფო. საერთაშორისო თანამშრომლობაზე საუბრობს პრემიერი, რომელმაც მოკლა ყველა სტრატეგიული პარტნიორობა და მის აღსადგენად არაფერს აკეთებს. დიალოგზე, ურთიერთგაგებასა და პატივისცემაზე საუბრობს იმ რეჟიმის ლიდერი, რომელიც კრემლში დაწერილი შეთქმულების თეორიებით ნახევარ მსოფლიოს სდებს ბრალს გამოგონილ, პარანოიულ სიცრუეებში.
სტაბილურობასა და სუვერენულობაზე საუბრობს პრემიერი, რომლის მმართველობამაც ყველაზე დიდი ზარალი მიაყენა ქართულ სუვერენულობას და ვისი რეჟიმიც არასდროს იღებს ხმას სუვერენულობის დასაცავად.
რეგიონალურ ინიციატივებში თანმიმდევრულად ჩართულობაზე საუბრობს პრემიერი, ვის გამოც საქართველო არ მონაწილეობს არცერთ ახალ რეგიონულ ინიციატივაში.
სტრატეგიული ადგილმდებარეობის, შუა დერეფნის და შეკავშირებულობის შესახებ საუბრობს პრემიერი, ვისმა რეჟიმმაც ჩაძირა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი და ვის გამოც საქართველო კარგავს თავის ისტორიულ სატრანზიტო ფუნქციას, ვის გამოც საქართველო არ არის ტრამპის სახელობის უმნიშვნელოვანესი “მშვიდობისა და კეთილდღეობის გზის” ნაწილი
და არ არის მიწვეული არცერთ იმ მაგიდასთან, სადაც დღეს ამ რეგიონის ბედი წყდება.
ეკონომიკური ზრდის და სიმდიდრის განაწილების შესახებ საუბრობს მშიერი ბავშვების, დაუცველი პენსიონერების და უიმედობისგან ქვეყნიდან გაქცეული ასობით ათასი ქართველის დე ფაქტო პრემიერი.
სოფელსა და ქალაქს შორის უთანასწორობის შემცირებაზე საუბრობს პრემიერი, ვისი ხელისუფლების დროსაც გაქრა 200 ქართული სოფელი და შემდეგი
286 ქართული სოფელი დგას გაქრობის რისკის წინაშე.
სამაგიეროდ, იმავე პრემიერი მხოლოდ ერთხელ, ისიც ფორმალურად ახსენებს ოკუპაციას. მზარდი ანექსიის პროცესის და ოკუპაციის გაღრმავების ფონზე, არცერთი რეალური სიტყვა ანექსიაზე, არანაირი გზავნილი საერთაშორისო საზოგადოების მიმართ, თუ რას მოელის და რას მოითხოვს საქართველო ცივილიზებული მსოფლიოს და, რა თქმა უნდა, არცერთი სიტყვა რუსეთზე, რომელიც ზრდის ზეწოლას ანექსიის მიმართულებით და რომელიც ღიად და დაუფარავად აგრძელებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დარღვევას.
არცერთი სიტყვა იმაზე, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე მოლაპარაკების პროცესში მსოფლიომ
არ უნდა დაივიწყოს არც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, არც ის გენოციდი და ასობით ათასი დევნილი, რომელიც დღემდე სახლებში დაბრუნებას ელოდება და ვისაც სწორედ ამ “ქოცური” რეჟიმის პარტნიორები არ უჭერენ ხოლმე მხარს გაეროს არცერთ პლატფორმაზე.
არც ერთი სიტყვა საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ ამოცანაზე, რაც არის ქვეყნის ევროპულ კავშირში გაწევრიანება, რომელიც არის ქართველი ერის არჩევანი და რასაც ღიად უპირისპირდება და კლავს ივანიშვილის რეჟიმი და ის კობახიძე, რომელმაც არ გამოიყენა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პლატფორმა იმისათვის, რომ ღიად და ხმამაღლა ეთქვა, თუ რა არის ქართველი ხალხის ცივილიზაციური, ისტორიული საგარეო-პოლიტიკური განაცხადი.
შესაბამისად, ჩვენ ვნახეთ კიდევ ერთი უღიმღამო, უშინაარსო, ყოველგვარი ეროვნული მიზნისა და ამბიციისგან დაცლილი პროპაგანდისტული გამოსვლა, რომელსაც, რა თქმა უნდა, ექნება ასეთი შეფასებები საქართველოშიც და სრულიად მსოფლიოს მასშტაბით”, – განაცხადა გეგელიამ.
ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას „უმთავრეს პრიორიტეტებად” „მშვიდობის შენარჩუნება და საერთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცება” დაასახელა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო მზად არის იმისათვის, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან კონსტრუქციულად ითანამშრომლოს და ამ პროცესში აქტიური წვლილი შეიტანოს – ასევე დასძინა, რომ ხანგრძლივი პარტნიორობა მხოლოდ დიალოგით მიიღწევა და ეს შედეგი არასოდეს არ დადგება ზეწოლის ან იძულების გზით.
კობახიძემ ასევე აქცენტი გააკეთა სუვერენიტეტის მნიშვნელობაზე და საქართველოს ეკონომიკურ შედეგებზე.
სიახლეა ის, რომ კობახიძემ თავის სიტყვაში რუსეთს ოკუპანტი უწოდა.
