ჯარის ძარცვის საქმეზე დაკავებული ვასილ მხეიძე და გიორგი ხაინდრავა ციხეს დღეს დატოვებენ.
ჟუანშერ ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ცოლის ძმას, ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება 14 სექტემბერს გაუფორმდათ.
საპროცესო შეთანხმების თანახმად, ვასილ მხეიძეს, 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც 1 წელს და 2 თვეს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 3 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრა ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთმევა ნივთმტკიცებად ამოღებული საგნები – რამდენიმე მილიონის ღირებულების უაქციზო სიგარეტი და მის დასამზადებლად არსებული მასალა, ასევე თუთუნი.
რაც შეეხება გიორგი ხაინდრავას, მასაც 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც 1 წელს და 2 თვეს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 3 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრა ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით.
ჯარის ძარცვის საქმე:
2026 წლის 23 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის გადაწყვეტილებით, ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ამასთან, მას ჩამოერთმევა ქონება და გადაეცემა სახელმწიფოს.
გიორგი ხაინდრავას და ვასილ მხეიძეს 8 – 8 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ.
საქმეზე ბრალდებულ ვლადიმერ ღუდუშაურს საპროცესო შეთანხმება დაუმტკიცდა შემდეგი პირობით: 4 წელი პირობითი მსჯავრი, 10 000-ლარიანი ჯარიმა და 1 წლით თანამდებობის დაკავების აკრძალვა.
გამოძიება ჯუანშერ ბურჭულაძესა და მის გარემოცვას თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარის გაფლანგვას ედავება. გამოძიების მიხედვით, მათ გორის ჰოსპიტლისთვის ტომოგრაფის აპარატი ხელოვნურად გაზრდილ ფასად შეიძინეს.
თავდაცვის ექს-მინისტრს ასევე ბრალად ედება დაუსაბუთებელი შემოსავლების შენიღბვა ესპანეთში, მალაგას პროვინციაში 544 000 ევროდ სახლისა და მიწის ნაკვეთის შესასყიდად.
