ბრალის დამძიმების დიდი ალბათობა ამ ეტაპზე არ არის, ვინაიდან ჯერ უნდა დაიწყოს გამოძიება თამაზ ელიზბარაშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ და შემდეგ უნდა გამოიკვეთოს, ცრუობს თუ არა თამაზ ელიზბარაშვილი – ველოდები, რომ შალვა კუჭაშვილს წარუდგენენ ბრალს, ძალადობის მუხლით,- ამის შესახებ მუქარის ბრალდებით დაკავებული ბიზნესმენის, თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.
ადვოკატის თქმით, თამაზ ელიზბარაშვილს დაზიანებები აღენიშნებოდა, რასთან დაკავშირებითაც ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან.
„თამაზ ელიზბარაშვილმა გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია, რომ შალვა კუჭაშვილმა განახორციელა მასზე ფიზიკური ანგარიშსწორება, რამდენჯერმე შეეხო მას ფიზიკურად. დაზარალებულმა კი ეს ინფორმაცია ტყუილად ჩათვალეს. ახლა გამოძიება დაადგენს, თამაზ ელიზბარაშვილის მიერ მიწოდებული ინფორმაცია შეესაბამება თუ არა სიმართლეს.
თამაზ ელიზბარაშვილს ჰქონდა დაზიანებები. ექსპერტიზა ჩავნიშნეთ, ჩავატარეთ და ველოდებით პასუხებს.
ბრალის დამძიმების დიდი ალბათობა ამ ეტაპზე არ არის, ვინაიდან ჯერ უნდა დაიწყოს გამოძიება თამაზ ელიზბარაშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ და შემდეგ უნდა გამოიკვეთოს, ცრუობს თუ არა თამაზ ელიზბარაშვილი. მოლოდინი არ მაქვს, რომ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალი დაუმძიმდება. პირიქით, ველოდები, რომ შალვა კუჭაშვილს წარუდგენენ ბრალს, ძალადობის მუხლით“,- განაცხადა ლექსო სვიმონიშვილმა.
ინფორმაციისთვის, საქართველოს პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს მუქარის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, თბილისის ერთ-ერთ რესტორანში ელიზბარაშვილსა და დაზარალებულს შორის სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტართან დაკავშირებით სიტყვიერი კონფლიქტი მოხდა. უწყების ცნობით, ელიზბარაშვილი დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა, მოგვიანებით კი, მუქარის აღსრულების მიზნით, შეიარაღებული დაბრუნდა ადგილზე და რესტორანში შეჭრას ცდილობდა. პროკურატურის განცხადებით, 31 აგვისტოს ბრალდებულმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვაც გამოაქვეყნა, სადაც მუქარას განაგრძობდა.
