„ბოლო წელიწად-ნახევარში, რაც ახალი მინისტრია, სამშენებლო სექტორში ხარისხი ისე კონტროლდება, ხმამაღლა ვიტყვი – ასე არ კონტროლდებოდა არასდროს“, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „ბლექ სი გრუპის“ დირექტორმა ამირან მამუჭაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ბოლო პერიოდში დაიხვეწა ფასწარმოქმნის რეგულაციებიც, რაც ადგილობრივ კომპანიებს საშუალებას აძლევს, ტენდერებში მონაწილეობა რეალურ ფასად მიიღონ.
როგორც ამირან მამუჭაძე განმარტავს, ეს ნაბიჯები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქართულმა კომპანიებმა უცხოელებთან, განსაკუთრებით კი, ჩინურ მოთამაშეებთან ჯანსაღი კონკურენცია გასწიონ.
„ჩვენი სახელმწიფო არის სატრანზიტო, სერიოზული და ძლიერი ჰაბის შემადგენელი ნაწილი. შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან გასაძლიერებლად გადადგმული ახლანდელი ნაბიჯები, ცალსახად ემსახურება იმას, რომ საქართველომ შეინარჩუნოს თავისი იდენტობა როგორც ბაზარზე, ისე რეგიონში, თუნდაც სამშენებლო სექტორში.
ჩინეთს აქაც თავისი ინტერესები აქვს, როგორც ყველა მიმართულებით (მათ შორის აფრიკაში თუ სხვაგან). თავისთავად, აქაც ამ ფორმით ცდილობს საქართველოში შემოვიდეს, დაფუძნდეს, ჰყავდეს თავისი კომპანიები, მოახდინოს საკუთარი ტექნიკის რეალიზაცია, ჩამოიყვანოს და დაასაქმოს თავისი ხალხი.
საბოლოო ჯამში კი, გამოწვრთნილი და კარგი პროფესიონალები, რომლებიც ყველაფერს აქ სწავლობენ, სამუშაოდ სხვაგან წაიყვანოს.
იმ დიდებულ სახელმწიფოს, რასაც ჩინეთი ჰქვია, ქართულმა ბაზარმა და ჩვენმა კომპანიებმა კონკურენცია როგორ უნდა გაუწიოს? – რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან უკვე გადადგმული ნაბიჯი, რომ ტენდერებს მაქსიმალურად სწორ ფასში, სწორად გაწერილი წესებითა და სტანდარტებით აცხადებენ.
კონკურენცია ძალიან ღია და გახსნილია. მონაწილეობა მივიღეთ, გავიმარჯვეთ და უკვე წარმატებითაც ვმუშაობთ გარკვეულ პროექტებზე. გვეძლევა საშუალება, რომ განვვითარდეთ და ჯანსაღი კონკურენცია გავწიოთ.
საქართველოში რამდენიმე სამშენებლო ნორმა მოქმედებდა, ახლა კი სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ყველა ნორმა მაქსიმალურად კონკრეტულად გაიწერა.
არ არსებობდა კონკრეტული რეგულაცია ფასწარმოქმნასთან დაკავშირებით. სახელმწიფო უკვე ამ საკითხზეც მუშაობს, მკაცრად ითხოვს ხარისხიან სამუშაოებს და თანხასაც შესაბამისს იხდის.
რა თქმა უნდა, ერთი ხელის მოსმით ყველაფერი ვერ გაკეთდება, მაგრამ გვეძლევა საშუალება, მონაწილეობა მივიღოთ სწორ ფასებში გამოცხადებულ ტენდერებში. უფრო მეტიც, მთელი მომხიბვლელობა იმაშია, რომ ძალიან მკაცრად კონტროლდება ხარისხი, როგორც უკვე ეს გითხარით.
ბოლო წელიწად-ნახევარში, რაც ახალი მინისტრია, სამშენებლო სექტორში ისე კონტროლდება ხარისხი, ხმამაღლა ვიტყვი – ასე არ კონტროლდებოდა არასდროს.
მაშინ, როდესაც უცხოური კომპანიები, განსაკუთრებით კი ჩინელები, ხარისხზე მხოლოდ აპელირებდნენ, რასაც ვერავინ სთხოვდათ და არც კონტროლი ხდებოდა ამისი“, – აცხადებს ამირან მამუჭაძე.
„ბიზნესპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ, როგორი მოთამაშეები არიან ამ კუთხით თურქული კომპანიები, მამუჭაძე განმარტავს, რომ თურქები საბაზრო ფასებს საფუძვლიანად ითვლიან და პრიორიტეტს ხარისხიანად შესრულებულ სამუშაოებს ანიჭებენ.
„თუ ნახავთ ბოლო პერიოდში ჩატარებული ტენდერების ნაწილს, ჩინელებთან მიმართებაში თურქული კომპანიების ფასი მინიმუმ, 40%-ით მეტია. ეს ნიშნავს იმას, რომ თურქები საბაზრო ფასს მართლაც სწორად და საფუძვლიანად ითვლიან. ამასთან, იციან რისკების სწორი შეფასება, საბანკო გარანტიის ფასი და მაღალი ხარისხით მშენებლობა.
თურქეთში ათიათასობით დანგრეული გზა მე არ მინახავს. ამ სახელმწიფოში ათიათასობით კილომეტრი შენდება და ისეთი მომენტი, რომ გზა ცუდი ხარისხის გამო დაინგრეს, ძალიან იშვიათია, პრაქტიკულად, არც ხდება. მსგავსი რამ რომ მოხდეს, ის კომპანია ვერც იარსებებს, მაშინვე სერიოზული პრობლემა შეექმნება.
ჩვენთან კი მოდის ერთი ჩინური კომპანია, შემდეგ მეორე, მესამე ენაცვლება და სახელმწიფოს ამ პროცესის მართვა საკმაოდ რთულად უწევს.
საბედნიეროდ, ახლა ყველაფერი ასე მარტივად აღარ არის, ხარისხი საკმაოდ გულდასმით, მკაცრად გაწერილი წესებით მოწმდება და კონტროლდება“, – განაცხადა ამირან მამუჭაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“.
