ტრაილერის მძღოლს, რომელსაც მარმარილოს ფილებში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი უპოვეს 18 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. განაჩენი საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ გამოცხადდა. ადვოკატი ამბობს, რომ მეისამ რაჰიმს წარმოდგენა არ ჰქონდა რა იდო შეფუთულ ფილებში რადგან ამის პოვნა მხოლოდ ფილების დამტვრევით იქნებოდა შესაძლებელი. სამაგიეროდ, უფლებადამცველი ამბობს, რომ ის, ვინც საქართველოში ტვირთს ელოდებოდა, გამოძიებას არც კი გამოუკითხავს – ირანელი მძღოლის საქმე აპელაციაში მიდის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 31 დეკემბერს 157 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინის” საქართველოში შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. ამის შესახებ ბრიფინგზე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.
გამოძიებით დადგინდა, რომ სატვირთო ავტომობილი, საქართველოში მეზობელი ქვეყნიდან, საბაჟო გამშვები პუნქტის, “წითელი ხიდის” გავლით შემოვიდა. 50 მილიონი ლარის ღირებულების “ჰეროინის” გადატანას “მარმარილოს ფილებით” ცდილობდნენ.
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, დაკავებულია ირანის რესპუბლიკის მოქალაქე.
