“ტვ პირველის” ინფორმაციით, კრიმინალური პოლიციის სპეცრაზმმა გვიან ღამით ძმები დავით და გიორგი ფეიქრიშვილებიდან ერთი “კრწანისი რეზიდენსიდან” აიყვანეს, მერე კი სასტუმროდან, სადაც ის ბოლო დღეები სახლში არსებული სარემონტო სამუშაოების გამო ცხოვრობდა.
ცნობილია, რომ “კრწანისი რეზიდენსში” საგამოძიებო მოქმედებები გამთენიისას დასრულდა.
ძმები ჯგუფური ძალადობის და გამოძალვის მუხლებით არიან დაკავებულები, თუმცა ოჯახი არ ამბობს, ვისზე ძალადობის ბრალდებით აიყვანეს დავით და გიორგი ფეიქრიშვილები, რომლებიც არაერთ კრიმინალურ საქმეში ფიგურირებენ.
სპეცოპერაციით დაკავებული ძმები ზაჰესის და დიღმის იზოლატორებში არიან გადაყვანილები და ბრალის წარდგენას ელოდებიან. არაოფიციალური ინფორმაციით, საქმე დიდ ფულთან დაკავშირებით მომხდარ დაპირისპირებას ეხება.
მასშტაბური სპეცოპერაცია თბილისში ღამით ჩატარდა – კრიმინალური პოლიციის სპეცრაზზმი ფეიქრიშვილების სახლებში რამის 03:00 საათზე შევიდა.
აღნიშნულ ფაქტს ადვოკატი ადასტურებს. ირკვევა, რომ დავით და გიორგი ფეიქრიშვილების სახლებში სპეცრაზმი ჩხრეკაზე ღამის 03:00 საათზე შევიდა, რის შემდეგაც ორივე ძმას ხელბორკილები დაადეს.
ძმები ფეიქრიშვილების სახელი საქართველოში სხვადასხვა კრიმინალურ საქმეში წლებია ფიგურირებს. დავით და გიორგი (გოგა) ფეიქრიშვილები წარსულში მრავალჯერ არიან ნასამართლევი.
დავით ფეიქრიშვილის სახელი უკავშირდება წლების წინ მომხდარ საუკუნის ძარცვას, რა დროსაც თბილისის შუაგულიდან 2 მილიონი ლარი გაიტანეს. ფეიქრიშვილი მაშინ ოთარ ფარცხალაძის ნდობით აღჭურვილ პირად ითვლებოდა და სწორედ ის სახელდებოდა ამ ძარცვის ორგანიზატორად.
საუკუნის ძარცვაძე 2023 წელს საგამოძიებო რეპორტაჟი “შაბათის ეთერის” გამომძიებელმა ჟურნალისტმა, მარიამ გაფრინდაშვილმა მოამზადა, მოიპოვა ექსკლუზიური კადრები, რომელშიც 5-ვე ბრალდებული ჩანს, საცავში განთავსებულმა კამერებმა დააფიქსირეს თავად დავით ფეიქრიშვილი, რომელსაც ნიღაბიც კი არ უკეთია.
ტყუპი ძმების გვარმა გაიჟღერა ასევე თბილისის ცენტრში მოკლული სოსო ჯოხაძის საქმეშიც. არსებული ინფორმაციით, ფეიქრიშვილებსა და ჯოხაძეებს დაპირისპირებაც ჰქონდათ.
დავით ფეიქრიშვილის სახელი უკავშრდება ასევე ე.წ მაზავშიკების საქმეს, რა დროსაც დავით გაგნიძე, გიორგი დემეტრაძე და კახა მისირელი დააკავეს.
ე.წ მაზავშიკების საქმის შესახებ:
არსებული ინფორმაციით, დავით ფეიქრიშვილს საფეხბურთო ჩემპიონატზე, ე.წ “მაზით” 140 000 დოლარი ჰქონდა მოგებული. თანხის გადახდა მის მოვალეს გაუჭირდა და დახმარებისთვის ქურდული სამყაროს „ავტორიტეტს“ ვახტანგ (ვატო) ყიფიანს მიმართა.
ყიფიანი უკრაინიდან თბილისში დავით ფეიქრიშვილს დაუკავშირდა. მაშინ გავრცელდა ყიფიანისა და ფეიქრიშვილის საუბრის ჩანაწერიც, სადაც ისინი თანხაზე საუბრობდნენ. ყიფიანი ფეიქრიშვილს ეუბნებოდა, “ქურდული წესებით”, ასეთ დროს მოგებული თანხის 20 პროცენტი სად უნდა წასულიყო. ფეიქრიშვილი კი ყიფიანს პასუხობდა, რომ ეს წესები უკვე აღარ არსებობს.
ძალოვნებმა გიორგი დემეტრაძე, დავით გაგნიძე და კახა მისირელი 2010 წლის ივლისში, თბილისში, ჭავჭავაძეზე დააკავეს. მანქანა სამრეცხაოსთან რამდენიმე წუთით გააჩერეს და სავარაუდოდ, ფეიქრიშვილს ელოდნენ, რომლისთვისაც თანხა უნდა გადაეცათ. სამართალდამცველებმა დაკავებულებისგან 40 700 დოლარი ამოიღეს და ეს თანხა, გამოძიების მტკიცებით, ფეიქრიშვილს ეკუთვნოდა. ვატო ყიფიანს კი დამატებით, ფეიქრიშვილის მოგებული თანხა, 30 000 დოლარი უკრაინაში ჰქონდა ამოღებული.
მაშინ დავით ფეიქრიშვილი პროკურატურის საპროცესო გარიგებას დასთანხმდა და ციხიდან მალევე გათავისუფლდა.
