„ქართული ოცნების“ წევრი გიორგი გაბუნია პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილს პასუხობს და აცხადებს, რომ ღარიბაშვილმა ბრალი და დანაშაული თავად აღიარა, მის მიმართ კი უკანონო ქმედებას, ზეწოლას ან ძალადობას ადგილი არ ჰქონია. გაბუნია ყოფილი პრემიერის წერილებს „არასერიოზულს“ უწოდებს და ამბობს, რომ ღარიბაშვილმა საზოგადოებას სინანული უნდა აჩვენოს.
თავად აღიარა მან ბრალი და თავად აღიარა ჩადენილი დანაშაული. მის მიმართ არ ყოფილა არანაირი არც უკანონო ქმედება, არც ზეწოლა, არც ძალადობა და ამასთან დაკავშირებით თავადაც არ უსაუბრია. რა, რამე დაიბრალა? თითოეული მისი წერილი, რომელიც ქვეყნდება, კიდევ უფრო მეტად არასერიოზულია და არასერიოზულობას სიმაღლეს მატებს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან მეტი გონიერება, სიმშვიდე და ასე ვთქვათ, მეტი ფიქრის დრო აქვს ციხეში და კარგად გააანალიზოს სიტუაცია. პირიქით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან სინანული აჩვენოს საზოგადოებას, ვინაიდან მძიმე დანაშაულის ცადენა პრემიერ-მინისტრის მხრიდან, არის ძალიან სამწუხარო, – ამბობს გიორგი გაბუნია.
პატიმრობაში მყოფმა ექს-პრემიერმა, გუშინ ციხიდან სკანდალურ წერილი გამოაქვეყნა, სადაც მმართველ გუნდს აკრიტიკებს და “ოცნებას” ქვეყნის „უწყვეტ ქაოსსა და დაუსრულებელ კრიზისში“ შეყვანაში ადანაშაულებს.
„თქვენ უკვე სააკაშვილის გზით დადიხართ და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის მეთოდებს აბრუნებთ…“ – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მისი პოლიტიკურად განეიტრალების პროცესში ის სამჯერ „გადააგდეს“.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც წაყენებული ბრალი აღიარა, საპროცესო შეთანხმების გაფორმებამდე რამდენიმე დღით ადრე, 4 იანვარს აცნობეს, რომ „პირობები შეიცვალა და 5 წლით უნდა წავსულიყავი ციხეში“.
ღარიბაშვილი არ ახსენებს კონკრეტულ სახელებსა და გვარებს – ვისთან თანხმდებოდა ის სამართლებრივი დეტალები, რომელიც პროკურატურის განსახილველი და სასამართლოს დასამტკიცებელია.
