რუსეთის მოქალაქეების ნაწილი, შესაძლო ახალი სამხედრო მობილიზაციის შიშის ფონზე, ქვეყანას ტოვებს და მეზობელ სახელმწიფოებში მიემგზავრება. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საქართველოა – გერმანული Deutsche Welle ახალგაზრდა რუს მამაკაცებს ესაუბრა, რომლებმაც ქვეყანა სამხედრო სამსახურში გაწვევისა და უკრაინაში შესაძლო გაგზავნის შიშით დატოვეს. გამოცემა ასევე დაინტერესდა, რატომ ირჩევენ ისინი განსაკუთრებით საქართველოს და რა ხდის ქვეყანას სწრაფად წასვლის მსურველებისთვის მიმზიდველ მიმართულებად.
ამასთან, ახალი მობილიზაცია რუსეთში ოფიციალურად გამოცხადებული არ არის – ვლადიმერ პუტინმა სექტემბერში მსგავსი გეგმების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, DW-ის ცნობით, შესაძლო მობილიზაციასთან დაკავშირებული შიში რუსეთის მოქალაქეების ნაწილში კვლავ რჩება.
რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შესაძლო გაზრდილ ნაკადთან დაკავშირებით კითხვები აქვთ ოპოზიციაში. „ძლიერი საქართველოს“ წევრი სალომე სამადაშვილი ხელისუფლებისგან განმარტებებს ითხოვს – როგორ აპირებს სახელმწიფო დიდი რაოდენობით რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის შემთხვევაში ეკონომიკურ და უსაფრთხოების რისკებთან გამკლავებას.
“ყაზახეთი განიხილავს, რომ შემოიღოს გადასახადი რუსეთის მოქალაქეებისთვის, ვისაც სურს საზღვრის გადაკვეთა ყაზახეთში. ჩვენი ხელისუფლება, იმის ნაცვლად, რომ უხსნიდეს ხალხს რა საფრთხეებია და როგორ აპირებენ, ამ საფრთხეებს გაუმკლავდნენ, საუბრობენ რაღაც რუსოფობიაზე, როდესაც რეალური შეკითხვები არსებობს. თუ დიდი რაოდენობით შემოვა ხალხი, როგორ იქნებიან ისინი უზრუნველყოფილი ეკონომიკურად, რას ნიშნავს ეს ჩვენი უსაფრთხოებისთვის”- ამბობს “ძლიერი საქართველოს” წევრი სალომე სამადაშვილი.
უფრო მკაცრ შეფასებას აკეთებს „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი თენგო თევზაძე. ის საქართველოში ჩამოსულ რუსეთის მოქალაქეებს „დეზერტირებად“ მოიხსენიებს და ამტკიცებს, რომ მათი ნაწილის მიერ საკუთარი ბიზნესებისა და ეკონომიკური წრეების შექმნამ შესაძლოა ადგილობრივ მოსახლეობაზე დამატებითი ეკონომიკური წნეხი წარმოქმნას.
“ისინი დეზერტირობენ, საქართველოში ჩამოდიან და ცდილობენ, მოახდინონ ეკონომიკური ექსპანსია, მოახდინო ადამიანების ადგილზე შევიწროვება, მათ შორის, ისინი სწრაფად აყალიბებენ საკუთარ “ქომუნითი” საზოგადოებებს და ქმნიან ეკონომიკურ წრეებს, სადაც ისინი უკვე თავისი დამოუკიდებელი ბიზნესის დაწყება იქნება თუ სხვა სამეწარმეო საქმიანობა, მარტივად ახორციელებენ. საბოლოო ჯამში, ეს ქართული ეკონომიკისთვის დიდი სარგებელი არ არის და მეორე – დიდ პრობლემად შეიძლება იქცეს ჩვენთვის უახლოეს მომავალში” – ამბობს “კოალიცია ცვლილებისთის” წევრი თენგო თევზაძე.
ამ ფონზე, “ქართული ოცნება” ამტკიცებს, რომ ყველაფერს აკონტროლებს, მათ შორის საზღვარზეც.
