21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები მშობლები სკოლის გადასარჩენად აქციას ააანონსებენ.
21-ე საჯარო სკოლის (მე-6 გიმნაზიის) გადასარჩენად ვიკრიბებით ყველა, მოქმედი და ყოფილი მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები, სკოლის გულშემატკივრები და უბრალოდ ადამიანები, ვისთვისაც ეს სკოლა მხოლოდ შენობა არ არის. დღევანდელი 21-ე საჯარო სკოლა ბატონი გურამ რამიშვილის იდეის განხორციელების შედეგია, რომელიც 1982 წლიდან მიზნად ისახავდა თავისუფალი, კრიტიკულად მოაზროვნე და სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეების აღზრდას.
დაფუძნების დღიდან 21-ე საჯარო სკოლა (მე-6 გიმნაზია) მოსწავლეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას გერმანიის მთავრობასთან თანამშრომლობის ფარგლებში ისწავლონ გერმანული ენა და მიიღონ ევროპული განათლება. ეს არის ერთ-ერთი პირველი სკოლა საქართველოში, რომელშიც დაინერგა და დღემდე წარმატებით მიმდინარეობს ინკლუზიური განათლების პროგრამა.
2026/2027 სასწავლო წლის დაწყებისას, 17 სექტემბერს სკოლამ მიიღო ინფორმაცია 18 სექტემბრიდან სასწავლო პროცესის შეჩერების თაობაზე. შეჩერების მიზეზი გახდა სსიპ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად რეკომენდებულია შენობის სრული დემონტაჟი.
ჩვენ, სასკოლო საზოგადოება, სრულ უნდობლობას ვუცხადებთ დასკვნას, რომლის მიმართაც მრავალი პასუხგაუცემელი კითხვა გაგვაჩნია და განათლების და მეცნიერების სამინისტროსგან ვითხოვთ შემდეგს:
ბავშვებისთვის ალტერნატიული სივრცის გამოყოფა, უმოკლეს ვადაში, რომელიც უზრუნველყოფს 2026/2027 წლის სასწავლო გეგმის, გერმანული ენის პროგრამის და ინკლუზიური სწავლების ხარისხიანად განხორციელებას;
არსებული ექსპერტიზის დასკვნის განხილვა-შეფასება დარგის სპეციალისტების ჩართულობით და ახალი კომპლექსური საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარება დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით;
საჭიროების შემთხვევაში შენობის რეაბილიტაცია, დემონტაჟის ნაცვლად;
გელოდებით სკოლის ყველა გულშემატკივარს, სამშაბათს, 22 სექტემბერს, 17:00 საათზე, პეტრიაშვილის 7 ნომერში“ – განცხადებას მშობლები ავრცელებენ.
