„ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა სახელმწიფოს მხრიდან, რომ ამნისტია გამოაცხადოს იმ კომპანიების მიმართ, ვინც „შავ სიაშია“, – ამის შესახებ იურისტმა ბადრი ნიაურმა „პალიტრანიუსისა“ გადაცემაში „საქმე“ სახელმწიფო შესყიდვებზე საუბრისას განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში ახალი სამართლებრივი მექანიზმის ამოქმედება იგეგმება. მთავრობის 2026 წლის საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებული კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმის მიხედვით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში ცვლილებების მომზადება იგეგმება, რომლის შედეგადაც გარკვეულ შემთხვევებში ადგილობრივ პრეტენდენტებს ფასობრივი უპირატესობა მიენიჭებათ.
როგორც ბადრი ნიაურმა აღნიშნა, თუ ადგილობრივი კომპანიებისთვის უპირატესობის მინიჭებაზეა საუბარი, მაშინ გარკვეულ შემთხვევებში სახელმწიფომ მოქმედი კომპანიების მიმართ არსებულ შეზღუდვებს უნდა გადახედოს და ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დაიწყოს.
„ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა სახელმწიფოს მხრიდან, რომ ამნისტია გამოაცხადოს იმ კომპანიების მიმართ, ვინც „შავ სიაშია“. ეს უბრალოდ კეთილი ნების გამო, თორემ კომპანიამ, რომელიც „შავ სიაში“ აღმოჩნდება, მას უკვე მომავალი და პერსპექტივა პრაქტიკულად არ აქვს.
2027 წელს იქნება 2-წლიანი სანქცია, 2 წელი ეს კომპანია ვერ შეძლებს სახელმწიფო ტენდერებში შესვლას. მაშინ თამაშის წესები უნდა დავიწყოთ სუფთა ფურცლიდან.
მაგალითად, სადაზღვევო კომპანია „იმედი L“ აღმოჩნდა „შავ სიაში“. 2019 წელს იყო დავა, 2026 წელს შევიდა „შავ სიაში“, 6-წლიანი დავის შემდეგ. ოღონდ ეს 6-წლიანი დავა უკავშირდება გაუმართავ სასამართლო სისტემას.
„შავი სია“ არის 1-წლიანი სანქცია, რაც ნიშნავს პრევენციას, რომ სახელმწიფომ არ დაუშვას, თეორიულად შეცდომა და არ მისცეს კომპანიას ტენდერში მონაწილეობის უფლება სამომავლოდ, აღმოჩნდა, რომ 2021-ში, 2022-ში, 2023-ში, 2024-ში, 2025-სა და 2026-ში კომპანია კარგად მუშაობდა.
მათ შორის, იგივე შემსყიდველს საქართველოს რკინიგზასთან ჰქონდა ურთიერთობა და 2027-ში სრულდება სანქცია, რაც არის არაკონსტიტუციური.
მე მივმართავ „იმედი L“-ს, თუ ექნებათ სურვილი, უფასოდ მივმართავ მათ ნაცვლად [სასამართლოს], ამ ნორმის გასაუქმებლად. ანუ სახელმწიფო არის ჩვეულებრივი დამსჯელი ორგანო ამ შემთხვევაში. ასეთი ძალიან ბევრია.
მაპატიეთ, მაგრამ რაზმაძის შესყიდვების „კანტორას“ არ ეყო იმდენი გონება, რომ თავად შეცვალოს ეს პირობა და თუკი მე აღმოვჩნდი „შავ სიაში“ , სასამართლო 2 თვეზე (განსაკუთრებულ შემთხვევაში 5 თვეზე) მეტი ვადით აგრძელებს დავას, 1 წლის გასვლის შემდეგ, თუკი მე არაფერი დამიშავებია და მით უმეტეს, ვფუნქციონირებ, არ განმაწესოს „შავ სიაში“. ეს არ არის სასჯელი, ეს არის პრევენცია“,- განაცხადა ბადრი ნიაურმა.
