ამ ქვეყანაში არავინ ცხოვრობს უსაფრთხოდ – ასე აფასებს ბაგა-ბაღებში ბავშვთა ინტოქსიკაციის ფაქტს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი.
სალომე ზურაბიშვილმა ფაქტი “ტვ პირველთან” შეაფასა და თქვა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორთან ერთად, ეკისრება ხელსიუფლებასაც.
“რა უსაფრთხოება არსებობს ამ ქვეყანაში – თუ კი დაცული არ არის ბავშვი ბაგა-ბაღში. მესმის, ყველაფერი შეილება მოხდეს, არავინ არ არის სრულიად დაზღვეული, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია რეაგირებაზე – რა ხდება მას შემდეგ? – ვინმე დაისაჯა, რამე ინფორმაცია გაიცა? ვიცით, რა არ უნდა განმეორდეს, რატომ მოხდა?
ეს ყველაფერი არის ის, რაც უსაფრთხოებას ქმნის – დაწყებული ბავშვებიდან, დამთავრებული ყველა ჩვენთაგანი.
ამ ქვეყანაში დღეს არავინ ცხოვრობს უსაფრთხოდ. ყველა არის პასუხისმგებელი, [მომხდარზე] დაწყებული იმ ბაგა-ბაღების ხელმძღვანელებით, დამთავრებული ჯანდაცვის მინისტრით”- აცხადებს ზურაბიშვილი.
ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, ბაგა-ბაღებში მომხდარის გამო სხვადასხვა კლინიკებში 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზება გახდა აუცილებელი.
ცნობისთვის, გუშინდელი მონაცემებით, ინტოქსიკაციის შედეგად კლინიკებში გადაყვანილი ბაღის აღსაზრდელებსი რაოდენობა 55-ს შეადგენდა.
უკვე ორი დღეა ბაღებში საკვებით მასობრივი ინტოქსიკაციის საქმეზე გამოძიებაა დაწყებული, მაგრამ ჯერ საზოგადოებისთვის ისევ არ არის ცნობილი – რამ მოწამლა ბავშვები და ვინ არის პასუხისმგებელი.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს (ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე, რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას).
