სავარაუდო თაღლითობის სქემა კახეთში – მოქალაქეები აცხადებენ, რომ კომპანიას ზეთისხილის ბაღების გაშენებისთვის მიწის ნაკვეთები იჯარით შეუძინეს და სოლიდური თანხები გადაურიცხეს, თუმცა ადგილზე მისულებს დაპირებული ბაღების ნაცვლად გამხმარი პლანტაციები დახვდათ.
დაზარალებულთა ინფორმაციით, მხოლოდ კრიპტოსაფულეში გადარიცხული თანხა 250 ათას დოლარს აღწევს. ისინი აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას უკვე ოთხჯერ მიმართეს, თუმცა, მათი თქმით, შესაბამისი რეაგირება ამ დრომდე არ ყოფილა.
მოქალაქეები ეჭვობენ, რომ კომპანიის საქმიანობის უკან შესაძლოა გავლენიანი მფარველები იდგნენ და სწორედ ამას უკავშირებენ, მათი შეფასებით, სამართალდამცავი უწყებების მხრიდან რეაგირების არარსებობას.
“საქართველოში ფუნქციონირებს ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც მუშაობს გარკვეული თაღლითური სქემის მიხედვით და სწორედ აღნიშნული სქემის მსხვერპლი გახდა ჩვენი კლიენტი. ხდება ინვესტორებისთვის მიწების მიყიდვა და ამის შემდეგ კომპანია იღებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას, რომ ამ მიწაზე გააშენებს ზეთისხილის პლანტაციებს და ასევე იღებს პასუხისმგებლობას, რომ განახორციელებს ამ პლანტაციების მოვლას.
თუმცა, ეს არ ხორციელდება მათი მხრიდან. ჩვენ მივმართეთ გენერალურ პროკურატუირას 2025 წლის 10 ივლისს ანუ რეალურად, წელიწადზე მეტია გასული მას შემდეგ,რ აც ჩვენ მივმართეთ გენპროკურატურას, რომ დაწყებულიყო აღნიშნულ საქმეზე გამოძიება. უკვე ჩვენს კლიენტს აქვს ეჭვი, რომ შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს მფარველობას, ვინაიდან არანაირი საფუძველი არ არსებობს იმის, რომ გამოძიება არ დაიწყოს.
ამ კომპანიის კომერციულის დასახელება და ინტერნეტრესურსი უკავშირდება ერთ-ერთ სააქციო საზოგადოებას, რომელიც რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის გაფრთხილების რეესტრში მოხსენიებული არის როგორც თაღლითური პირამიდის ნიშნების მქონე კომპანია. შესაბამისად, რეალურად, საქმე შეიძლება გვქონდეს არა მხოლოდ ერთ ან ორ დაზარალებულთან, არამედ ბევრად მასშტაბურ ერთიან ტრანსნაციონალურ სქემასთან” – ამბობს ადვოკატი მაგდა მჭედლიშვილი.
