ცნობილი ხდება, რომ გუშინ საღამოს რამდენიმე საბავშვო ბაღმა მიწოდებული ქათმის ხორცის მიღებაზე უარი თქვა. ამის შესახებ „პირველების“ რედაქციას ანონიმურობის დაცვის პირობით წყარო უყვება. წყაროს ინფორმაციით, მიზეზი პროდუქტის მდგომარეობა გახდა – მისი თქმით, ხორცს გაფუჭების ნიშნები ჰქონდა და საკვებად უვარგისი იყო.
ინფორმაცია განსაკუთრებით საყურადღებოა ბაღებში ბავშვების ინტოქსიკაციის შემთხვევების ფონზე. ამ ეტაპზე დადგენილი არ არის, კონკრეტულად რომელი საკვები პროდუქტი გახდა ბავშვების შეუძლოდ გახდომის მიზეზი და უკავშირდება თუ არა მოწამვლის შემთხვევებს ქათმის ხორცი. გამოძიებამ სწორედ ინტოქსიკაციის წყარო უნდა დაადგინოს.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მომხდართან დაკავშირებით მომწოდებელი კომპანიების პასუხისმგებლობაზე საუბრობენ. ამასთან, კვლავ პასუხგაუცემელია, როგორ კონტროლდებოდა ბაღებში შეტანილი საკვები პროდუქტების ხარისხი და უსაფრთხოება.
