სასწავლო პროცესი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელის საჯარო სკოლაშიც შეწყდა – აღნიშნულის შესახებ “მეტრონომს” ინფორმაციას სკოლიდან აწვდიან.
მათი ცნობით, შენობის რეაბილიტაციის საბაბით სასწავლო პროცესის შეჩერების შესახებ ინფორმაცია მოსწავლეებმა გუშინ მიიღეს. როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, აღნიშნულ სკოლაში მოსწავლეები რამდენიმე სოფლიდან არიან.
მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვის უცნობია, როდემდე შეჩერდა სასწავლო პროცესი. როგორც მათ აცნობეს, სავარაუდოდ, 1 კვირის მანძილზე გაკვეთილები ონლაინ-ფორმატში ჩატარდება, შემდეგ კი ისინი სოფელ წილკნის საჯარო სკოლაში გადავლენ.
როგორც ცნობილია, მშობლები და მოსწავლეები ვითარების გასარკვევად დღეს სკოლაშიც იყვნენ მისულები.
“გუშინ 17 სექტემბერს, საღამოს 21:00 საათზე, მცხეთის რაიონის სოფელ მისაქციელის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლების ჩათებში, სკოლის მხრიდან გაავრცელდა ინფორმაცია, რომ სკოლაში 18 სექტემბერს სასწავლო პროცესი არ განხორციელდებაო. სკოლა დაიკეტა, რადგანაც სკოლა სარიბილიტაციოაო.
დღეს 18 სექტემბერს მშობლები მივიდნენ სკოლაში 10 საათზე და სკოლის ხელმძღვანელობას მოსთხოვეს სამხარაულის დასკვნა, მაგრამ სამხარაულის ოფიციალური დოკუმენტი სკოლამ ვერ გვაჩვენა.
ასევე მშობლებმა დღეს განაცხადეს: ორშაბათს ბავშვებს ვუშვევთ სკოლაში, მივყვებით მშობლებიცო, რათა საგაკვეთილო პროცესი განხორციელდესო და თუ სასწავლო პროცესი არ გაგრძელდება სხვა ფორმით მოვითხივთ ყოველივესო.
ასევე მშობლებმა მოითხოვეს, რადგანაც სკოლას აქვს დიდი ტერიტორია აშენდეს ახალი სკოლის შენობა, ხოლო სკოლის ამჟამინდელი შენობა დარჩეს, სანამ ახალი შენობა აშენდებაო და ახლა სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდესო” – გვეუბნება წყარო.

