იმის ნაცვლად, რომ გამოძიება დაწყებულიყო პოლიციელ შოთა ჭიპაშვილის წინააღმდეგ, ვხედავთ, რომ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე შეუკერეს და დღეს მიმდინარეობს სასამართლო სხდომა,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, მსჯავრდებულ ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა გიორგი რეხვიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ შერჩევითი სამართალი მიმდინარეობს.
„ახლა წინასასამართლო სხდომა გვაქვს, მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხი უნდა განვიხილოთ და არსებითად განსახილველად უნდა გადაიგზავნოს აღნიშნული საქმე. რეალურად, ახლა ჩვენ ამ საქმეში არ გვაქვს არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ალეკო ელისაშვილმა რაიმე დანაშაული ჩაიდინა. თვითონაც აღიარებს, რომ მან „არაკაცი” უწოდა იმ პოლიციელს, რომელიც თვითონ ალეკო ელისაშვილმა ამხილა არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაში მის მიმართ.
იმის ნაცვლად, რომ გამოძიება დაწყებულიყო პოლიციელ შოთა ჭიპაშვილის წინააღმდეგ ვხედავთ, რომ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე შეუკერეს და დღეს მიმდინარეობს სასამართლო სხდომა.
აქ არის მნიშვნელოვანი კონტექსტი, იყო ნათქვამი “არაკაცი”, ეს მან მიმართა მოსამართლესა და პროკურორს, რომ “აი, ეს არის ის არაკაცი, რომელმაც მე მომაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა”, ჰქონდა წამებას ადგილი, მრავალი საათის განმავლობაში ხელბორკილები ედო, რომელიც იყო მჭიდროდ მოჭერილი და სისხლი სდიოდა და არ მოახდინა მისი შეხსნა და არც წყალი დალევინა. არაადამიანურ, სასტიკ მოპყრობას ჰქონდა ადგილი.
თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ ეს სიტყვა “არაკაცი” ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული.
ეს შერჩევითი სამართალია. საუბარი, რომ გვქონდეს თავისუფალ, დამოუკიდებელ ქვეყანაში, დამოუკიდებელ სასამართლოსა და გამოძიებაზე რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ კი არ უნდა მიდიოდეს საქმე, არამედ პოლიციელ შოთა ჭიპაშვილის წინააღმდეგ.
ყველანი გამოკითხულები არიან, თუმცა, რეალურად, მთავარი მტკიცებულება არის ვიდეოჩანაწერი, რომელიც კეთდება ისედაც სხდომათა დარბაზში და ხმის ექსპერტიზა არის ჩატარებული.
სამართლებრივად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ 1 წელს, რადგან 1 წელს ითვალისწინებს აღნიშნული მუხლი და რეალურად, შთანთქავს ის 13 წელი. დამძიმება ამით არ ხდება. უბრალოდ, აქ არის საზოგადოების თვალში რომ მოახდინონ “ნახეთ, ეს ალეკო ელისაშვილი არ არის მარტო ერთჯერადი რაღაც ქმედებიდან გამომდინარე დაკავებული” და უნდათ რომ აჩვენონ, “ნახეთ, ოთხი სისხლის სამართლის საქმე არის მის წინააღმდეგ არსებული და ის მრავალგზის კრიმინალია”,- განაცხადა გიორგი რეხვიაშვილმა.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ საერთო ჯამში, სისხლის სამართლის 4 საქმეა წარმოებული, საიდანაც ერთზე, რომელიც ტერორისტული აქტის მცდელობას გულისხმობს, მსჯავრდებულია და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ამასთან, მას ბრალი აქვს წარდგენილი ტერორისტული აქტის განხორციელებისთვის, რომელიც სასამართლოს არქივის შენობაში ხანძრის გაჩენას გულისხმობს. პოლიტიკოსს ბრალი ასევე წარდგენილი აქვს სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზეც, რაც პოლიციელ შოთა ჭიპაშვილის მისამართით ნათქვამ სიტყვა „არაკაცის“ წოდებას მოიცავს. ელისაშვილი ასევე ბრალდებულია პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ალი ბაბაევის პოლიტიკური ნიშნით დევნაზეც.
