ალაპარაკდება თუ არა გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც გუშინ 13 წლიან პატიმრობაში გაუშვეს – “ქართულ ოცნებაში” ირწმუნებიან, რომ სუს-ის ყოფილ შეფს “ქართული ოცნების” მაკომპრომატირებელი არაფერი არ აქვს.
დღეს ტელეკამერების წინ თორნიკე ფაღავა გამოჩნდა – “ქართული ოცნების” დეპუტატი ამტკიცებს, რომ ივანიშვილის გუნდის წინააღმდეგ კომპრომატები ბუნებაში არ არსებობს.
“დაველოდოთ გრიგოლ ლილუაშვილს, თუ დაარღვევს დუმილს” – უთხრა დღეს ჟურნალისტებს ფაღავამ.
პოლიტიკურ ლიდერშიფს არც არაფრის არ ეშინია. ჩვენ ვართ პირნათელი ქართული საზოგადოების წინაშე. აქედან გამომდინარე არაფერს ახალს არ ველოდებით. რაც შეეხება ბატონი ღარიბაშვილის წერილებს, საზოგადოებამ ძალიან კარაგად იხილა, რომ ეს იყო მორიგი ქარიშხალი ჭიქაში და ვერაფერი ხელჩასაჭიდი, მათ შორის რადიკალურმა ოპოზიციამ და ოპიზიციურად განწყობილმა მედიებმა ვერ იპოვეს.
(კომპრომატები) რომ ჰქონოდა გრიგოლ ლილუაშვილს, აქამდე გამოაქვეყნებდა.
მე მგონია, რომ არც ლილუაშვილს და არც არავის ბუნებაში, “ქართული ოცნების” წინააღმდეგ არაფერი მაკომპრომიტირებელი არ აქვს, ვერ ექნება ბუნებაში, იმიტომ რომ არ არსებობს ბუნებაში მსგავსი რამ.
დაველოდოთ გრიგოლ ლილუაშვილს, თუ დაარღვევს დუმილს”, – ამბობს თორნიკე ფაღავა.
კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული, სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი მოსამართლემ დამნაშავედ ცნო. ნინო თარაშვილმა ყოფილ მაღალჩინოსანს 13 წლიანი პატიმრობა განუსაზღვრა.
უფრო კონკრეტულად: ლილუაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი ოთხივე ეპიზოდზე.
რას ედავებოდნენ ლილუაშვილს?
ქარის ელექტროსადგურების მშენებლობის ლობირებისთვის თურქ ინვესტორ ჩაღათაი ულქერისგან $1 მლნ-ის აღებას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით;
გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ, კომპანია „ექსპრესსერვისი 2008-ის“ დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიასგან 1,5 მლნ ლარის აღებას რომეო მიქაუტაძის მეშვეობით;
2021-2023 წლებში დანაშაულებრივი „ქოლცენტრების“ მფარველობას, საიდანაც ბრალდების ინფორმაციით, ლილუაშვილმა მიიღო $1 365 000;
პროკურატურა ამბობს, რომ ლილუაშვილი ქრთამის სანაცვლოდ მფარველობდა თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, ბაღების შესყიდვებიდან „ატკატებს“ იღებდა.
