თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება, როგორც საშუალო სიმძიმის.
მისივე თქმით, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია და დაავადების პროგრესირება ამ ეტაპზე არ აღინიშნება.
„შემოსული ახალი პაციენტის მდგომარეობა ჯერჯერობით გამოხატული კლინიკით მაინც ფასდება, როგორც საშუალო სიმძიმის. მას დღეს კიდევ განმეორებით ჩაუტარდება დამადასტურებელი კვლევები. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საბედნიეროდ სტაბილურია. სტაბილურია უკვე მეორე, მესამე დღეა, რაც იმის მიმანიშნებელი იქნება, რომ დაავადების პროგრესირება ალბათ არ მოხდება.
რამდენიმე ძველ პაციენტთან, სადაც გასულია ჩვენთან ყოფნის 12-13 დღე, შეიძლება ვილაპარაკოთ დასტაბილურებული სიტუაციის შემდეგ ალბათ გაუმჯობესებაზე. დანარჩენ პაციენტებში ჯერჯერობით სიტუაცია მართვადია, შეფასებით ნაწილში ლაბორატორიულად რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ ვლინდება, გამოხატული კლინიკაც არ პროგრესირებს და დიდი ალბათობით, დინამიკაში სიტუაცია უნდა იყოს დამაკმაყოფილებელი“ ,- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.
ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ დროისთვის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 29 პაციენტი წევს.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა.
428 ნახვა