ეკონომისტი და ყოფილი დეპუტატი რომან გოცირიძე ENKA-სთან საარბიტრაჟო დავის შედეგებზე პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებს და მას „დანაშაულებრივი, კორუფციული ქმედების შედეგს“ უწოდებს. მისი თქმით, ENKA-სა და სხვა საარბიტრაჟო დავებით დაკისრებული თანხები ერთად ანაკლიის პორტის მშენებლობას ეყოფოდა.
“ორივე ერთად ეს ჯარიმა ააშენებდა ანაკლიის პორტს. ეს არის დანაშაულებრივი, კორუფციული ქმედების შედეგი, რომელსაც “ქართული ოცნება” წლების განმავლობაში ეწეოდა. ანუ იმ ფულს, რასაც თურქული კომპანია ელოდა 20-30 წლის განმავლობაში, მიიღო 20-30 წამის განმავლობაში პარიზის არბიტრაჟში და შემდეგ დაადასტურა უკვე ვაშინგტონის სასამართლომ, იმიტომ, რომ ეს იყო ხელისუფლების პირდაპირი დანაშაული იმდენად მარტივი იყო ხელისულფების საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება”- ამბობს რომან გოცირიძე.
საქართველოს მთავრობა ENKA-სთან დავაზე ვაშინგტონის სასამართლოს 11 სექტემბრის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს მოთხოვნა, აშშ-ში საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების პროცესი პარიზში მიმდინარე დავის დასრულებამდე შეჩერებულიყო. მთავრობის განმარტებით, 400 მილიონ დოლარზე მეტი ფინანსური ვალდებულება 2024 წლის პარიზის არბიტრაჟის გადაწყვეტილებიდან მომდინარეობს, რომლის გაუქმებასაც საქართველო საფრანგეთში ითხოვს.
