ახალმა კლინიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ პრეპარატმა სემაგლუტიდმა ბავშვებში ჭარბი წონის შემცირებას შეუწყო ხელი. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
კვლევის მონაწილეები 68 კვირის განმავლობაში იღებდნენ პრეპარატს ან პლაცებოს. ორივე ჯგუფი ასევე იცავდა დაბალკალორიულ კვებას და ფიზიკური აქტივობის რეკომენდაციებს.
შედეგების მიხედვით, სემაგლუტიდის მიმღები ბავშვების 40.4%-ს 68 კვირის შემდეგ ასაკისა და სქესის მიხედვით განსაზღვრულმა სხეულის მასის ინდექსმა ჭარბი წონის ზღვარს ქვემოთ გადაინაცვლა. პლაცებოს ჯგუფში ასეთი შედეგი არც ერთ მონაწილეს არ ჰქონია.
მკვლევრების განცხადებით, კვლევამ მთავარ მიზანს მიაღწია და პრეპარატის მიმღებ ჯგუფში სხეულის მასის ინდექსის უფრო დიდი შემცირება დაფიქსირდა. უსაფრთხოებისა და ამტანობის მაჩვენებლები წინა კვლევების შედეგებს შეესაბამებოდა.
მიუხედავად დადებითი შედეგებისა, პრეპარატის გამოყენება ბავშვებში ექიმის მეთვალყურეობას საჭიროებს. კვლევაში მონაწილე ყველა ბავშვს საწყის ეტაპზე ჭარბი წონის მძიმე ფორმა ჰქონდა, ამიტომ შედეგები ყველა ბავშვზე ავტომატურად არ ვრცელდება.
