დღეს აქ თენგიზ შარმანაშვილმა საშინელი სიტყვები თქვა „ჩვენ ტერიტორიები დავკარგეთ, უკვე წაღებული აქვთ და ეს არის ფაქტიო“ – ბატონო თენგიზ, თუ თქვენ თქვენი სხვა სიტყვების და სხვა საქციელის გამო პასუხისგება არ მოგიწიათ, ამ სიტყვების გამო პასუხისგება აუცილებლად მოგიწევთ! – ეს განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თენგიზ შარმანაშვილის მისამართით ოპოზიციონერმა დეპუტატმა სოფიო ხორგუანმა გააკეთა.
სოფო ხორგუანის თქმით, „შარმანაშვილმა თქვა ის, რაც სამშობლოს ღალატია“.
„სამშობლოს ღალატია, როდესაც მიწაზე, რომელიც ჩვენია, პარლამენტის წევრი, თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის წარმომადგენელი ამბობს, რომ ჩვენმა მტერმა ეს ტერიტორია წაიღო. ბატონო თენგიზ, სხვა სიტყვების და თქვენი სხვა საქციელის გამო პასუხისგება თუ არ მოგიწიათ, ამ სიტყვების გამო პასუხისგება აუცილებლად მოგიწევთ! ეს არის ღალატი. ღალატია პარლამენტში გაცხადებული სიტყვები, რომ ფაქტია, რომ თურმე ჩვენი მიწა ვიღაცამ წაიღო და სად არის ამ დროს სახელმწიფო?!“, – განაცხადა ხორგუანმა პარლამენტის ტრიბუნიდან.
მას თავდაპირველად პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა უპასუხა და მიმართა, რომ ტერმინების მნიშვნელობა არ ესმის.
„ამიტომ ჰქვიათ დე-ფაქტო ხელისუფლება, რომ ფაქტობრივი მდგომარეობა არის ასეთი. მგონი, თქვენ ტერმინოლოგიაში ვერ ერკვევით. ეს არის ფაქტი – ამიტომ ჰქვია დე-ფაქტო ხელისუფლება, ამიტომ ჰქვია ფაქტობრივი კონტროლი ტერიტორიაზე, რომ ეს არის მოცემულობა. ტერმინოლოგიური მსგავსება მაინც ხომ უნდა გკარნახობდეთ, რომ ფაქტი და დე-ფაქტო ერთმანეთს ჰგავს“, – მიმართა ხორგუანს პაპუაშვილმა.
ხორგუანს თავად ადრესატმა თენგიზ შარმანაშვილმაც უპასუხა და განმარტა, რომ მან კონტროლის დაკარგვაზე ისაუბრა. შარმანაშვილის თქმით, მას ხორგუანმა ბოდიში უნდა მოუხადოს.
„როცა რაღაც საკითხში არაკომპეტენტური ხარ, აუცილებელი არ არის, რომ შენი კომპეტენტურობა მთელს საქართველოს გააგებინო. რომ გადავახვიო და ეფექტური კონტროლის დაკარგვაზე იყოს საუბარი, ამაზე ბოდიშს მოიხდით?! – არ მოიხდით! არაკომპეტენტური ხართ და ტყუილებს ლაპარაკობთ. არაკომპეტენტური მატყუარა ორჯერ უარესია. საერთოდ არაფერში არ ერკვევით“, – განაცხადა შარმანაშვილმა სოფიო ხორგუანის პასუხად.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა შემდეგი განცხადება გააკეთა: „ტერიტორიები კი არ დაიკარგა, ჩვენ გვაბრალებდნენ, თითქოს ვილაპარაკეთ, რომ ეს ტერიტორიები დაიკარგა, გადავიდა ჩვენი მოწინააღმდეგეების კონტროლის ქვეშ.ეს ხომ ფაქტია? -არა, მაინც ურცხვად ამბობენ, რომ ასეთი რამე არ მომხდარა. ნუ, კარგი, იყავით ეგრე და ილაპარაკეთ. ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად დაინახა და იცის“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
