ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით, სხვადასხვა დროს, 4 პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულთაგან 3 უცხო ქვეყნის, ხოლო 1 საქართველოს მოქალაქეა.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთ ბრალდებულს ნაქირავებ ბინაში სპეციალური სათბური ჰქონდა მოწყობილი, სადაც შემდგომი რეალიზაციის მიზნით კანაფის უკანონო კულტივირებას ახდენდა.
პოლიციამ ბრალდებულების პირადი, დროებითი საცხოვრებელი ბინისა და ავტომობილის ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო:
მეფედრონი: 25 შეკვრად დაფასოებული;
ჰაშიში: 20 შეკვრა;
კანაფი: 4 კილოგრამამდე მცენარე;
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
