„ქართული ოცნება“ ვერანაირი სარჩელით ვერ შეძლებს ჩვენი პატრიოტი, ერთგული და უანგარო მხარდამჭერების ხმა გააქროს პოლიტიკიდან და მისთვის სასურველი ხელოვნური პოლიტიკური ოპოზიცია დაილაგოს, – ამის შესახებ ბერდია სიჭინავამ განაცხადა.
მისივე თქმით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მანდატისა და შესაძლებლობების ფარგლებში გააგრძელებს ქვეყნის ეროვნული ინტერესების გატარებას.
„გვსურს გამოვეხმაუროთ, „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ საკონსტიტუციო სარჩელს ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვასთან დაკავშირებით, რაც„ოცნების“ ავტოკრატიული მმართველობის პირობებში, ჩვენი გუნდისთვის მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა. ეს პროცესი ღიად და დაუფარავად გამოხატავს იმ აგრესიულ ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ პოლიტიკას, რასაც „ოცნება“ ბოლო წლებია, საკუთარი ხალხის და სახელმწიფოს წინააღმდეგ ატარებს და განსხვავებული აზრის განადგურებას ისახავს მიზნად.
ვერანაირი სარჩელი, მით უფრო იმ ადამიანების, ვინც ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესებს ყოველდღიურად ღალატობენ თავიანთი სიტყვებითა და გადაწყვეტილებებით, ვერ შეცვლის ჩვენს დამოუკიდებელ პოლიტიკურ გზას და ვერ შეაჩერებს ჩვენს ბრძოლას საქართველოსთვის. მეტი მოტივაციითა და ენერგიით გავაგრძელებთ საქართველოს ეროვნული ინტერესების გატარებას ქვეყნისა შიდა და საგარეო პოლიტიკაში, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში – საქართველოს პარლამენტში, საკრებულოებში, ყველა პლატფორმაზე ჩვენი მანდატისა და შესაძლებლობების ფარგლებში.
განსაკუთრებით ცინიკურია, რომ ჩვენს აკრძალვას ის ადამიანები „ითხოვენ“, რომლებიც წინა ხელისუფლების რეჟიმის აქტიური მსახურები იყვნენ და დღესაც, პარლამენტში ანტიკონსტიტუციურ გადაწყვეტილებებში იღებენ მონაწილეობას და ყოველდღიურად აზიანებენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებსა და სუვერენიტეტს.
„ქართული ოცნება“ ვერანაირი სარჩელით ვერ შეძლებს ჩვენი პატრიოტი, ერთგული და უანგარო მხარდამჭერების ხმა გააქროს პოლიტიკიდან და მისთვის სასურველი ხელოვნური პოლიტიკური ოპოზიცია დაილაგოს.
„ქართული ოცნებას“ ელოდება ძალიან მძიმე ისტორიულ-პოლიტიკური შეფასება, განსაკუთრებით იმ მოვლენების ფონზე, როდესაც სამაჩაბლოში რუსეთის ფედერაციის მხრიდან ჩვენი ისტორიული მიწების ანექსიური პროცესები მიდის, „ოცნების“ ხელისუფლების დანაშაულებრივი დუმილისა და უმოქმედობის ფონზე. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვება არის პოლიტიკური ლოგიკის გარდაუვალი შედეგი და ამას გააკეთებს თავად ქართველი ხალხი მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი მეთოდებით“, – განაცხადა სიჭინავამ.
