ეს ნაბიჯი ისეთი ტიპის ავტოკრატიაში, როგორიც „ოცნებამ“ შექმნა, ნამდვილად არ ყოფილა მოულოდნელი ჩვენთვის და ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის – თუ „ოცნება“ ფიქრობს, რომ ამ გადაწყვეტილებით კრიტიკულ კითხვებზე, მწვავე განცხადებებსა თუ ათიათასობით ქართველი მოქალაქის სათქმელის ხმამაღლა გაჟღერებაზე ხელს აგვაღებინებს, შეგვაჩერებს ან სიმწვავეს დაგვაკლებინებს, ძალიან ცდება, – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლოდერმა, გიორგი შარაშიძემ მათი პარტიის ასაკრძალ პარტიათა სიაში დამატებაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, “ქართული ოცნების” ეს ნაბიჯი მიუთითებს იმას, რომ ერთადერთი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიაც კი, განსხვავებული აზრი და საქართველოს მოქალაქეების ხმა პარლამენტში, მათთვის მიუღებელია.
“პირიქით, ამ გადაწყვეტილების შემდეგ კიდევ უფრო მეტი შემართებით გავაგრძელებთ ბრძოლას „ოცნების“ წინააღმდეგ და მათ ეს კარგად იცოდნენ.
რატომ ახლა, რატომ დღეს? – მინდა შეგახსენოთ, რომ იშვიათი გამონაკლისის გარდა, ვიყავით ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვინც ხმამაღლა და აქტიურად დაიწყო საუბარი იმ ანექსიურ პროცესებზე, რომლებიც დღეს სამაჩაბლოში, საქართველოს ისტორიულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. დღეს 15 სექტემბერია, 18 სექტემბერს კი უკვე ჩანიშნულია ე.წ არჩევნები, რომელშიც, დიდი ალბათობით, გაიმარჯვებს პუტინის უშუალო წარმომადგენელი, კრემლიდან მოვლენილი მაღალჩინოსანი. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი უკვე ფორმალურად ახდენს ჩვენი ისტორიული ტერიტორიის ოკუპაციას. იმაზე, რომ ჩვენი გუნდი ამაზე ხმამაღლა საუბრობს და პარლამენტში შესაბამისი რეზოლუციის მიღებას ითხოვს, სწორედ ამით აიხსნება თუ რატომ ახლა. „ოცნებას“ კი ამაზე დანაშაულებრივი და მოღალატეობრივი დუმილის გზა აქვს არჩეული. რა თქმა უნდა, მას არ აწყობთ ჩვენნაირი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკური გუნდი. არ აწყობთ იმიტომ, რომ იციან – ერთადერთი პოლიტიკური ძალა ვართ, რომელიც დღეს მწვავედ აყენებს საკითხს, რომ ამ ოკუპაციას სჭირდება შესაბამისი პოლიტიკური შეფასება. ვართ ერთადერთი გუნდი, რომელმაც დაიწყო საუბარი მოქალაქეთა სოციალურ პრობლემებზე – მინიმალური ხელფასით დაწყებული, პენსიებითა და სხვა ინიციატივებით დამთავრებული. „ოცნებასთან“ არაერთი ასეთი მწვავე დაპირისპირება გვქონია. თუ ფიქრობენ, რომ შეგვაჩერებენ ან უკან დაგვახევინებენ, ძალიან ცდებიან. „ოცნების“ წარმომადგენელთა კომენტარებს თუ მოუსმენთ, თავადაც კარგად მიხვდებით, რომ აბსოლუტურად დაბნეულები არიან და არ იციან, როგორ გაამართლონ ეს გადაწყვეტილება, რადგან მათ ნათქვამს ყოველგვარი ლოგიკა აკლია”, – განაცხადა შარაშიძემ.
კითხვაზე რა ფორმით აპირებენ ბრძოლად, მათ შორის აპირებენ თუ არა გამოიყენონ ბოიკოტის მექანიზმი, შარაშიძემ უპასუხა, რომ ოცნებას“, შესაძლოა, ძალიანაც სურდეს, ბოიკოტით თუ სხვა გზით შეწყვიტონ საპარლამენტო საქმიანობა, მაგრამ ამას “ვერ ეღირსებიან”.
“ოცნებას“, შესაძლოა, ძალიანაც სურდეს, რომ რაიმე ფორმით, ბოიკოტით თუ სხვა გზით, შევწყვიტოთ საპარლამენტო საქმიანობა, მაგრამ ამას ვერ ეღირსებიან!
ეს შეიძლება იყოს მათი სურვილი, მაგრამ ეს არ არის ქართველი ხალხის ნება და დაკვეთა”, – განაცხადა შარაშიძემ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნება” საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიის “გახარია საქართველოსთვის” აკრძალვასთან დაკავშირებითაც მიმართავს. ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის გუშინდელი სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
მიმდინარე კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება საკონსტიტუციო სარჩელი, რომელსაც დაემატება ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია.
