“რა შეიძლება იმალებოდეს საქართველოსა და სომხეთისკენ მომავალი გაზსადენის „რემონტში“?…” – რას წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.
“რუსეთს თუ ვენდობით, ჩრდილოეთ კავკასიაში გაზსადენის რემონტის გამო 10 დღით შეწყდა საქართველოსა და სომხეთისთვის გაზის მიწოდება. სომხეთმა განაცხადა, რომ გაზის მიწოდება შეუწყდა. „ოცნების“ ხელისუფლებას არაფერი უთქვამს, მაგრამ გაზისა და ნავთობის კომპანიამ განაცხადა, რომ სომხეთს გაზი შეუწყდა და ამ დღეებს რემონტისთვის გამოვიყენებთო. აბსურდია, არა? მილი, რომელიც სომხეთსა და საქართველოს გაზს აწვდის, გადაკეტილია ორივე ქვეყნისთვის.
ქოცი რისი ქოცია, აშკარა ფაქტი თავისებური, პრორუსული ინტერპრეტაციით რომ არ განმარტოს-სომხებს შეუწყვიტა, ჩვენ კი არა.
ახლა მთავარზე: პუტინი სომხეთს გაზის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ ეს ქვეყანა არ ჩამოყალიბდება, ევროკავშირში ყოფნა უნდა თუ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრობა. პუტინმა არაერთხელ მოუწოდა სომხეთს, სასწრაფოდ ჩაატაროს რეფერენდუმი ამ საკითხზე.
რამდენიმე დღის წინ რუსეთი სომხეთს გაზის გაძვირებით დაემუქრა. ფაშინიანმა უპასუხა, რომ „გაზპრომის“ გაზი სომხეთისთვის ისედაც ძვირია, ხოლო მისი სიიაფე მოჩვენებითია, რადგან რუსეთი უზარმაზარ თანხებს ხარჯავს ევროპასა თუ აზიაში გაზის ტრანსპორტირებაზე, რუსეთის საზღვრიდან სომხეთამდე კი სულ რაღაც ასიოდე კილომეტრია.
მართლაც, როდესაც რუსეთი გაზს გერმანიას აწვდიდა, 3 ათასი კილომეტრის მანძილზე ახორციელებდა მის ტრანსპორტირებას, რაც ხარჯებს ერთნახევარჯერ ზრდიდა და შესაბამისად, მის საბოლოო ღირებულებასაც აძვირებდა.
იგივე ანალოგია საქართველოსთან დაკავშირებით-„გაზპრომის“ ტრანზიტის ხარჯები ჩვენი მიმართულებით ნულია, რადგან, სომხეთისგან განსხვავებით, გაზს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ვიღებთ.
რა შეიძლება იმალებოდეს საქართველოსა და სომხეთისკენ მომავალი გაზსადენის „რემონტში“?
სომხეთს აქვს მიწისქვეშა გაზსაცავი, რომელსაც შეუძლია ქვეყნის მომარაგება თვენახევრის განმავლობაში. ამ ათი დღის განმავლობაში მას რეზერვების გამოყენება მოუწევს. სხვა შესაძლებლობა არ აქვს. კი, ირანიდანაც იღებს გაზს, მაგრამ ის ვიწრო მილით მიეწოდება თბოელექტროსადგურს, საიდანაც გამომუშავებული ელექტროენერგიის ნაწილი ირანს მიეწოდება-ანუ მოქმედებს პრინციპი: „გაზი ელექტროენერგიის სანაცვლოდ“. ეს ფაქტობრივად ბარტერია.
რუსეთის მხრიდან მარაგშემცირებული სომხეთის შანტაჟი უფრო ადვილია, ვიდრე მაშინ, როდესაც რისკების გარკვეული პერიოდით შემცირების რესურსი გააჩნია.
ვნახოთ, დამთავრდება თუ არა ეს „რემონტი“ დათქმულ ათ დღეში. მე პირადად ეჭვი მეპარება-რაც უფრო მეტად გაიწელება, მით მეტ სარეზერვო გაზს დახარჯავს სომხეთი.” – წერს რომან გოცირიძე.
