დონალდ ტრამპ უმცროსმა დაადასტურა, რომ მისი ქორწილის შემდგომი წვეულება ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულმა რუსმა ოლიგარქმა დააფინანსა, – ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟმა, დონალდ ტრამპმა უმცროსმა და მისმა მეუღლემ ბეტინა ტრამპმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც მედიაში გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურეს იმის შესახებ, რომ მაისში გამართული ქორწილის შემდგომი წვეულება რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულმა ოლიგარქმა, უმარ კრემლიოვმა დააფინანსა.
„ჩვენმა ძვირფასმა მეგობარმა უმარმა ქორწილის შემდეგ ორ შესანიშნავ სადღესასწაულო საღამოს ძალიან გულუხვად უმასპინძლა. ეს ქორწილისთვის მეგობრისგან მიღებული საოცრად გულუხვი საჩუქარი იყო, რისთვისაც მადლიერები ვართ“, – ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე, გამოცემა ProPublica-მ ინფორმაცია გაავრცელა, რომ უმარ კრემლიოვმა ბაჰამის კუნძულებზე წყვილისთვის საზეიმო ღონისძიებების ხარჯები დაფარა, რაც ასობით ათასი დოლარი იყო.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-ს განუცხადა, რომ „წარმოდგენა არ აქვს, ვინ არის უმარი“.
„მას დონისა და ბეტინას ქორწილის ხარჯები არ დაუფარავს. ეს ქორწილის შემდგომი წვეულება იყო მათ პატივსაცემად. განსაკუთრებული არაფერი. წვეულებაზე მე არ ვყოფილვარ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
