გახარიას პარტია აგრძელებს მავნებლობებს – ისინი არ ცნობენ ხელისუფლების ლეგიტიმაციას, არ აღიარებენ დღემდე არჩევნების შედეგებს – შესაბამისად, რა თქმა უნდა, არ არის არანაირად მიზანშეწონილი ის, რომ ჩვენ სარჩელს არ დავამატოთ ეს პარტია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, გახარიას პარტია წარმოადგენს ზუსტად იმ აგენტურულ ძალას, რასაც „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“.
„ყველას შევახსენებ, რომ ეს არის ის ძალა, რომელმაც 2021 წლის არჩევნების შემდეგ კოალიცია, პირდაპირი პარტნიორობა ჩამოაყალიბა უშუალოდ „დედა ნაციონალურ მოძრაობასთან“ ოთხ მუნიციპალიტეტში. ეს არის ის ძალა, რომელიც იბრძვის საქართველოში მშვიდობის წინააღმდეგ და ჩართულია რევოლუციურ პროცესებში. რომელმაც 2024 წლის არჩევნებზე ხელი მოაწერა ე.წ. „ქარტიას“ და უპირისპირდებოდა „ქართულ ოცნებას“ დანარჩენ რადიკალებთან ერთად.
გახარიას პარტია აგრძელებს მავნებლობებს. ასევე, ისინი არ ცნობენ ხელისუფლების ლეგიტიმაციას, არ აღიარებენ დღემდე არჩევნების შედეგებს.
ეს პარტიაც წარმოადგენს ზუსტად იმ აგენტურულ ძალას, რასაც წარმოადგენს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“. შესაბამისად, სარჩელში, რა თქმა უნდა, ეს ძალაც მოხსენიებული უნდა იყოს. კი ბატონო, იმ დროს, როდესაც სარჩელი შედგა და გახარიას პარტია როდესაც შემოვიდა პარლამენტში, მათ გამოაჩინეს, ცოტა სინათლე თავიანთ ბნელ წარსულსა და აწმყოში, თუმცა ისინი აგრძელებენ დესტრუქციულ, ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობას და არ აღიარებენ ხელისუფლების ლეგიტიმაციას და არჩევნების შედეგებს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, არ არის არანაირად მიზანშეწონილი ის, რომ ჩვენ სარჩელს არ დავამატოთ ეს პარტია“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნება” საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიის “გახარია საქართველოსთვის” აკრძალვასთან დაკავშირებითაც მიმართავს. ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
მიმდინარე კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება საკონსტიტუციო სარჩელი, რომელსაც დაემატება ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია.
