ეს არის კონკრეტული პირის გადაწყვეტილება, რის უკანაც სხვა მიზეზების მოძებნა, ალბათ, უფრო მეტად სპეკულაციის საგანია – უწყება არის გამართული, სისტემა მუშაობს, სახელმწიფო ინსტიტუციები მუშაობენ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც გელა გელაძის სუს-ის ხელმძღვანელის პოსტიდან გადადგომას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, დემოკრატიის მთავარი ამოსავალი წერტილია, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოება არა პიროვნებებზე, არამედ გამართულ სისტემაზეა დამოკიდებული.
„თუ ვაფასებთ, კადრების ცვლილება რამდენად მოქმედებს სახელმწიფოზე და კონკრეტულ უწყებებზე, უნდა ამოვიდეთ შედეგებით, უწყება როგორ მუშაობს. როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ უწყება მუშაობს ძალიან გამართულად, ნებისმიერი იმ პირის ხელმძღვანელობის ქვეშ, რომელიც ამ უწყებას ხელმძღვანელობდა, ე.ი. სისტემა მუშაობს გამართულად და სისტემა არ არის პიროვნებებზე დამოკიდებული. ამიტომ, თუკი გადაწყვიტა კონკრეტულმა პირმა და დატოვა თანამდებობა, ეს არის მისი გადაწყვეტილებაა, ისევე როგორც როცა თანამდებობაზე დაინიშნა, მისი გადაწყვეტილების და სურვილის გარეშე ეს არ ხდება.
უწყების საქმიანობის ხარისხიდან გამომდინარე უნდა ვიმსჯელოთ. თუკი ჩვენ ვნახავთ, რომ კადრების ცვლილება ნეგატიურად მოქმედებს და უწყება თავის საქმეს ვეღარ ასრულებს, შეიძლება რელევანტური იყოს ამ კითხვის დასმა. მაგრამ უწყება არის გამართული, სისტემა მუშაობს, სახელმწიფო ინსტიტუციები მუშაობენ. ეს არის დემოკრატიის მთავარი ამოსავალი წერტილი, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოება არა პიროვნებებზე, არამედ აწყობილ გამართულ სისტემაზეა დამოკიდებული,” – განაცხადა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გელა გელაძემ თანამდებობა დატოვა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა გელა გელაძე სუს-ის უფროსად, უფლებამოსილების 6-წლიანი ვადით, მიმდინარე წლის 28 აპრილს დაამტკიცა. გელაძემდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მამუკა მდინარაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც ასევე ვადაზე ადრე გადადგა. პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად მდინარაძე 2025 წლის 3 სექტემბერს აირჩია, რომელმაც სუს-ი 2026 წლის აპრილში დატოვა. ასევე ხანმოკლე იყო სუს-ის უფროსის პოსტზე “ქართული ოცნების“ წარმომადგენლის ანრი ოხანაშვილის ყოფნა. ოხანაშვილი სუს-ს დაახლოებით 5 თვე ხელმძღვანელობდა და 2025 წლის აგვისტოში ისიც ვადაზე ადრე გადადგა.
