„368-მეტრიანი გვირაბი უკვე გაყვანილია, დაგეგმილია 6 ხიდის მოწყობა“ – რა ეტაპზეა აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა„368-მეტრიანი გვირაბი უკვე გაყვანილია, დაგეგმილია 6 ხიდის მოწყობა“ – რა ეტაპზეა აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა
აბასთუმნის 15.9-კილომეტრიანი შემოვლითი გზის მშენებლობა გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს და შესაბამის ვიდეოს აქვეყნებს.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში უკვე გაყვანილია 368-მეტრიანი საგზაო გვირაბი, ასევე დასრულებულია მდინარე აბასთუმანზე სამი ხიდის ძირითადი სამშენებლო სამუშაოები.
„აბასთუმნის 15.9 კილომეტრიანი შემოვლითი გზის მშენებლობა გრძელდება. გზის მშენებლობა რთულ გეოლოგიურ და რელიეფურ პირობებში მიმდინარეობს.
სამუშაოები მოიცავს კლდოვანი გრუნტების დამუშავებას, ბურღვით სამუშაოებს, ფერდობების სტაბილიზაციას და გზის სავალი ნაწილის გაფართოებას. მდგრადობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შენდება საყრდენი კედლები, წყალგამტარი მილები და სადრენაჟე არხები.
პროექტის ფარგლებში უკვე გაყვანილია 368-მეტრიანი საგზაო გვირაბი. ჯამში, გათვალისწინებულია 6 ახალი ხიდის მოწყობა.
მათგან მდინარე აბასთუმანზე 3 ხიდის ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია და დარჩენილია ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა. ხოლო დანარჩენი 3 ხიდის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება.
შემოვლითი გზის მშენებლობის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბუნებრივ გარემოზე ზემოქმედების შემცირებასა და დაზიანებული ბუნებრივი საფარის აღდგენას.
სამუშაოების პარალელურად დაიწყება ტყისა და ხე-მცენარეების აღდგენა იმ ტერიტორიებზე, რომლებზეც გზის მშენებლობამ ზემოქმედება მოახდინა.
ამასთან, სააგენტოსთან შეთანხმებით დაიგეგმა დამატებითი საკომპენსაციო ღონისძიებებიც. ექსპერტები უკვე მუშაობენ შესაბამის გეგმაზე, რომლითაც აბასთუმნის შემოვლითი გზის არეალში დასარგავი მცენარეების სახეობები და რაოდენობა განისაზღვრება.
ადგილობრივი ბიომრავალფეროვნების დაცვის მიზნით, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია შესაბამისი ღონისძიებებიც, მათ შორის ცხოველთა სახეობებისთვის სპეციალური მიგრაციის გასასვლელების მოწყობა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გარემოს აღდგენისა და გამწვანების ღონისძიებებს გზის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგაც გააგრძელებს, რათა გზის მიმდებარე ტერიტორიაზე მაქსიმალურად შენარჩუნდეს და აღდგეს ბუნებრივი გარემო.
ახალი გზის მთავარი მიზანია, სატრანზიტო ავტოტრანსპორტმა აღარ გაიაროს უშუალოდ დაბა აბასთუმანში, რაც შეამცირებს კურორტის სატრანსპორტო დატვირთვას, ხელს შეუწყობს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას და მისი უნიკალური ბუნებრივი გარემოს შენარჩუნებას“, – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ვიდეოში.
