ამ ბინძური პოლიტიკური ისტერიის ერთადერთი მიზანია, რომ იმ უბადრუკი მდგომარეობიდან გადაიტანონ ყურადღება, რომელშიც ქვეყანა ჩააგდეს ამ სამშობლოს მოღალატეებმა და მეორე მხრივ, რომელიც მათი პოლიტიკური ძალის შიგნით ხდება, სადაც სამშობლოს მოღალატეები და კორუფციონერები ერთმანეთთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში არიან ჩაბმული,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრი თაზო დათუნაშვილმა ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, „პარტიების აკრძალვა „ძლიერი საქართველოსთვის“ არ შეცვლის არაფერს“.
„პარტიების აკრძალვა „ძლიერი საქართველოსთვის“ არ შეცვლის არაფერს. „ძლიერ საქართველოში“ ვართ ადამიანები, რომლებსაც გადაწყვეტილი გვაქვს, რომ სანამ ქვეყანა სამშვიდობოს არ გავიყვანთ მანამდე ვიბრძოლოთ საქართველოს, ქართველი ხალხის, ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. ამიტომ არაფერი ჩვენს ამ გზაზე არ შეგვაჩერებს, მათ შორის ვერც ის შეზღუდვები, რომელსაც ეს უბადრუკები გვიწესებენ.
ამაზე ლაპარაკობენ და მერე პარალელურად უნდათ, რომ იყელყელაონ, რომ რაღაც პოლიტიკურ კონკურენციას ქმნიან და საუკეთესოები არიან. სინამდვილეში ნებისმიერი წინააღმდეგობის პანიკური შიში აქვთ. ამიტომ ეს არის ფუჭი ლაპარაკი, ჰაერში ლაპარაკი, ზუსტად ისეთივე, როგორიც ეს პათოლოგიური მატყუარები ყველა ფეხის ნაბიჯზე აკეთებენ“,- განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
ცნობისთვის, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს პირველად 2025 წელს მიმართა. სარჩელი სამ პარტიას „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“, „კოალიციას ცვლილებისთვის“ და „ძლიერ საქართველოს“ ეხებოდა. მაგრამ შემდგომ მმართველმა გუნდმა ძველი სარჩელი უკან გამოითხოვა და სასამართლოში ახალი, დაკორექტირებული ვერსია წარადგინა, რომლითაც ასაკრძალი პარტიების ჩამონათვალს „ფედერალისტებიც“ დაემატა.
