იმ დროს, როცა თბილისში ჩემს 17 წლის მამიდაშვილს კლავდნენ, დამნაშავე გარბოდა… – რას წერს მოკლული დათო ნარიმანიძის მამიდაშვილი სოციალურ ქსელში.
“იმ დროს, როცა თბილისში ჩემს 17 წლის მამიდაშვილს კლავდნენ, დამნაშავე გარბოდა და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რამდენად დაუცველი შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანი საკუთარ ქალაქში, სახელმწიფოს სხვა „საქმეებიც“ ჰქონდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს რომელიღაც განყოფილებაში ჩემი ყოფილი კოლეგის, თორნიკე რაზმაძის კომენტარებს სქრინავდნენ, მასალებს აგროვებდნენ და მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო სასამართლოში დასაბარებელ წერილს ამზადებდნენ.
აი, ეს არის თქვენი პრიორიტეტების სურათი.
ქვეყანაში, სადაც მოზარდის სიცოცხლე შეიძლება წამებში დასრულდეს, სახელმწიფო რესურსი იხარჯება იმაზე, ვინ რა დაწერა კრემლის პროპაგანდისტზე.
რა თქმა უნდა, ერთი კონკრეტული დანაშაულის პასუხისმგებლობა მის ჩამდენებს ეკისრება. მაგრამ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა გარემო, პრიორიტეტები, პრევენცია და მოქალაქის უსაფრთხოების განცდა.
და როცა საზოგადოება ხედავს, რომ ხელისუფლებას პოლიტიკური კომენტარების დევნისთვის მეტი მონდომება აქვს, ვიდრე ძალადობის გამომწვევ მიზეზებზე რეაგირებისთვის, კითხვა სრულიად ბუნებრივია:
როგორ არ გრცხვენიათ?
17 წლის ბავშვის სიცოცხლე დასრულდა.
და ჩვენ ისევ იმ ქვეყანაში ვცხოვრობთ (ჰო, მეც ისევ საქართველოში ვარ მთელი ჩემი არსებით) სადაც ძალაუფლება ხშირად ყველაზე მკაცრი სიტყვების მიმართ არის და ყველაზე უძლური იქ, სადაც ადამიანის სიცოცხლე უნდა დაიცვას!” – წერს გიორგი ჩუბინიძე სოციალურ ქსელში.
გუშინ შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გამთენიისას თბილისში 17 წლის ბიჭი ცივი იარაღის გამოყენებით მოკლეს. შსს-ს ცნობითვე, განზრახ მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მოკლული არასრულწლოვანი 17 წლის დათო ნარიმანიძეა.
