შალვა პაპუაშვილმა თორნიკე რაზმაძეს “ემოციურად დაზიანებული” პიროვნება უწოდა და ტელეკამერების წინ ამტკიცებდა, რომ აქტივისტს და ბლოგერს “ემოციური შეტევები და პანიკები” აქვს.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, თორნიკე რაზმაძეს სურს, თავი ტანჯულ გმირად წარმოაჩინოს – “რომელიც რუსეთს ხან ცრემლებით ებრძვის, ხან გინებით და მას მთელი სახელმწიფო დასდევს, რომ ამ ქმედებისთვის დასაჯოს”.
პაპუაშვილი ამბობს, რომ თორნიკე რაზმაძისგან “გმირი არ გამოვა”.
მე მგონი, ყველა ვხედავთ, რომ ეს ადამიანი არის ემოციურად დაზიანებული პიროვნება, რომელსაც აქვს ემოციური კრიზისები ხანდახან. ვხედავთ, რომ აქვს პანიკური შეტევები, ცრემლები ღია ეთერში და ა.შ. ჩვენ ვუყურებთ მის ისტერიულ გამოვლინებებს, თითქოს, მას სჯიან იმისთვის, რომ რუს პროპაგანდისტს მიაყენა შეურაცხყოფდა და არიქა, ახლა წამებული გმირია. ეს არის მისი ფსიქოთერაპიის სეანსი, რასაც მე ვაკვირდები. ჩემი დაკვირვებაა, რომ ამ ადამიანს აქვს თავისი ემოციური პრობლემები და ეს მისი გამოვლინებები არის ფსიქოთერაპია. სურს, თავი წამოაჩინოს ტანჯულ გმირად, რომელიც რუსეთს ხან ცრემლებით ებრძვის, ხან გინებით და მას მთელი სახელმწიფო დასდევს, რომ ამ ქმედებისთვის დასაჯოს. აბსურდია, რასაც საუბრობს. ამ ადამიანის ფსიქოლოგიური სეანსის მონაწილეები ნუ გავხდებით. მას აქვს ემოციური დაზიანებების პრობლემები და სჯობს, ამას მიხედოს. მისგან გმირი რომ არ გამოვა, მე მგონი, ყველა ვხედავთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტმა, თორნიკე რაზმაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მას „რუსი პროპაგანდისტების“ მისამართით შეურაცხყოფას ედავება. კერძოდ, თორნიკე რაზმაძის ინფორმაციით, შსს-ში შექმნილმა სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ, მარგარიტა სიმონიანისა და ვლადიმერ სალავიოვის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე, მის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
მოგვიანებით კი შსს-ს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ განმარტა, რომ სამოქალაქო აქტივისტ თორნიკე რაზმაძეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეურაცხყოფას ედავებიან.
