“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გააგზავნა.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ისინი სტრასბურგის სასამართლოში სამოქალაქო აქტივისტის – თამარ (თათია) მექვაბიშვილის დარღვეულ უფლებებს დაიცავენ.
ივანიშვილისა და მოსამართლეთა კლანის მიერ მართულმა სასამართლომ თამარ მექვაბიშვილი პარლამენტის შენობის წინ, ტროტუარზე, მშვიდობიან საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და მას 2 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
როგორც ყველა სხვა მსგავს საქმეში, ამჯერადაც პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოების დადგენილებები აშკარა წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით უზრუნველყოფილ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებთან, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებებთან. ისინი ასევე წინააღმდეგობაშია საქმეში არსებულ ვიდეოჩანაწერებზე აღბეჭდილ ფაქტებთან, რადგან აღნიშნულ ჩანაწერებში აშკარად ჩანს, რომ პარლამენტის წინ ტროტუარზე შეკრებილი მომიტინგეები, მათ შორის, თამარ მექვაბიშვილი არავის გადაადგილებას არ უშლიდნენ ხელს.
ჩვენ გავაგრძელებთ მოქალაქეთა დარღვეული უფლებების დაცვას მართლმსაჯულების საერთაშორისო ორგანოში, რადგან სამართლის ძიება ეროვნულ სასამართლოებში ივანიშვილის რეჟიმის პირობებში შეუძლებელია, – წერია ინფორმაციაში.
