გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის პროკურორი ნია იმნაძის ბრალეულობაზე საუბრობს – ქეთი სონიძე ამტკიცებს, რომ სწორედ ნია იმნაძეს სურდა, მის შეყვარებულს ალექსანდრე გაბაშვილს შური ეძია და ფიზიკურად გასწორებოდა გიგა ავალიანს.
ამის თქმის საფუძელს სახელმწიფო მბრალმდებელს მისი თქმით, სატელეფონო ჩანაწერები აძლევს, სადაც სონიძის თქმით, “ნია იმნაძე ორი კვირა დაჟინებით წერდა გაბაშვილს, რომ მასწავლებელი მას ავიწროებდა”.
“ეს ალექსანდრე გაბაშვილის თავმოყვარეობაზეც მოქმედებდა, გაბაშვილი თავს ვალდებულად თვლიდა, ინფორმაციის მიწოდების შემდეგ გაეკეთებინა ის, რაც ნია იმნაძეს სურდა” – ამბობს პროკურორი.
ალექსანდრე გაბაშვილის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილ ინფორმაციაში არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და შინაარსიანი წინადადება, რა დროსაც ალექსანდრე გაბაშვილი თავის მეგობარს და კლასელს, ანი ნასყიდაშვილს ეუბნება – 2 კვირაა მეუბნება, რომ მასწავლებელი მავიწროვებსო, მაწუხებსო და რას იფიქრებს ჩემზე, რომ მე არაფერს ვმოქმედებო. ეს წინადადება უკვე ამხელს. ამ წინადადებას სწორედ ის შინაარსობრივი დატვირთვა აქვს, რომ ნია იმნაძე სწორედ იმიტომ აწვდიდა გიგა ავალიანის შესახებ არასასურველ ინფორმაციას ალექსანდრე გაბაშვილს, რომ ალექსანდრე გაბაშვილი შემდგომ მას ფიზიკურად გასწორებოდა და შური ეძიებინა მასზე, როგორც მოცემულ შემთხვევაში ხდებოდა და ეს ალექსანდრე გაბაშვილის თავმოყვარეობაზეც მოქმედებდა. სწორედ ამ მიმოწერით დასტურდება ის, რომ ალექსანდრე გაბაშვილი თავს ვალდებულად თვლიდა, რომ ამ ინფორმაციის მიწოდების შემდეგ გაეკეთებინა ის, რაც ნია იმნაძეს სურდა.
ალექსანდრე გაბაშვილი წერს მეგობარს იმასთან დაკავშირებით, რომ 2 კვირაა მეუბნებაო, ანუ დაჟინებით აწვდიდა ინფორმაციას და დაჟინებით ეუბნებოდა, რომ ასე ხდებოდა იმის გამო, რომ მას ემოქმედა და მას უნდა ემოქმედა და არა სხვას.
ანასტასია ბერუაშვილის მიმოწერა არის, instagram მიმოწერა ერთ-ერთ მეგობართან, როდესაც ის თვითონ ამტყუნებს ნია იმნაძის აღნიშნულ ქმედებას და ამბობს რომ ცეცხლზე ნავთი დაუსხა ალექსანდრე გაბაშვილს ნია იმნაძემ ამ ქცევით იმიტომ, რომ ამათ მეტი კიდევ რა უნდოდათო, გულისხმობს იმას, რომ ბრალდებულებს მეტი რაღა უნდოდათ, რომ ეს ჩაედინათ, ანუ მათ სჭირდებოდათ ნაპერწკალი ასაფეთქებლად და ესეც მოხდა,” – ამბობს პროკურორი ქეთევან სონიძე.
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, 5 აგვისტოს, კიდევ ორი არასრულწლოვანი, ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი დააკავეს.
გამოძიება ნია იმნაძეს ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებას, ანასტასია ბერუაშვილს კი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.
