ოთარ ფარცხალაძის ამბავი, ადასტურებს იმას, რასაც ყველანი ვამბობდით წლების განმავლობაში, რომ ეს რეჟიმი არის რუსული – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, „ეს რეჟიმი არის აბსოლუტურად თხემით ტერფამდე გადაბმული რუსეთის ეროვნულ და გეოპოლიტიკურ ინტერესებთან“.
„ოთარ ფარცხალაძის ამბავი, რა თქმა უნდა, ადასტურებს იმას, რასაც ყველანი ვამბობდით წლების განმავლობაში, რომ ეს რეჟიმი არის რუსული. დიახაც, მისი ხერხემალი, მისი ერთ-ერთი მთავარი კადრი აღმოჩნდა კრემლის აგენტი, რაც ჩვენთვის ყოველთვის კარგად იყო ცნობილი. და დიახაც, ეს რეჟიმი არის აბსოლუტურად თხემით ტერფამდე გადაბმული რუსეთის ეროვნულ და გეოპოლიტიკურ ინტერესებთან და თავისი არსით არის მოღალატეობრივი რეჟიმი“,- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ რუსეთში მოხალისეთა ქვედანაყოფი „გეორგიევსკი“ ჩამოაყალიბა. რომანოვ-ფარცხალაძის განცხადებით, ქვედანაყოფის სახელწოდება გეორგიევსკის ტრაქტატს უკავშირდება, „რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ქართველი ხალხის ისტორიაში“.
