ანდრია ლილუაშვილმა ცალსახად და ხაზგასმით თქვა და განმარტა, რომ არასოდეს არავისთვის მიუტანია ქრთამი, მითუმეტეს გრიგოლ ლილუაშვილისთვის და არანაირი სახის “ქოლ-ცენტრის” მფარველობას გრიგოლ ლილუაშვილის მხრიდან ადგილი არ ჰქონია. ამის შესახებ სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატმა, ლანა ცერცვაძემ სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც დაცვის მხარის მოწმედ ერთ-ერთი ბრალდებული, ანდრია ლილუაშვილი დაიკითხა.
ადვოკატის განმარტებით, მოწმე ანდრია ლილუაშვილმა დაადასტურა, რომ რამდენჯერმე ნამდვილად იმყოფებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში, ვიზიტორის სტუმრობის წესის სრული დაცვით და მის ვიზიტს უკანონო შინაარსი არ ჰქონია.
როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, ანდრია ლილუაშვილი სუს-ში გრიგოლ ლილუაშვილს მისი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეხვდა.
“დღეს დაცვის მხარეს მოწმედ ანდრია ლილუაშვილი ჰყავდა წარმოდგენილი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი მოწმე იყო დაცვის მხარისთვის.
მოგეხსენებათ, ე.წ. ქოლცენტრის ეპიზოდთან დაკავშირებით ერთადერთი, რასაც ბრალდების მხარე ეჭიდება და ამბობს, რომ ერთადერთი პირი, ვინც იყო კომუნიკაციის მატარებელი, ამასთანავე, ფულადი თანხების გადამცემი გრიგოლ ლილუაშვილისთვის, ე.წ. ქრთამის, როგორც ამას ბრალდების მხარე განმარტავს – სწორედ ეს პირი იქნა ჩვენს მიერ გამოკითხული, რომელმაც ცალსახად და ხაზგასმით თქვა და განმარტა, რომ არასოდეს არავისთვის არ მიუტანია ქრთამი, მითუმეტეს გრიგოლ ლილუაშვილისთვის და არანაირი სახის “ქოლცენტრის” მფარველობას ბატონი გრიგოლ ლილუაშვილის მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რამეთუ თავად ბრალდების მხარის ვერსიაა, რომ სხვა პირმა კი არ მიიტანა მასთან ფულადი თანხები, თვითონვე გვთავაზობს ბრალდების მხარე ვერსიას, რომ ეს კონკრეტული პირი გახლდათ ანდრია ლილუაშვილი. ლოგიკურია, რომ ანდრია ლილუაშვილისგან უნდა დადასტურებულიყო ინფორმაცია, რომ თუ მსგავსს ექნებოდა ადგილი. ადამიანმა ცალსახად მხოლოდ სიმართლე და რეალობა ისაუბრა, რომ მსგავს ფაქტს ბუნებაში ფიზიკურად ვერ ექნებოდა ადგილი. პროკურორი გრიგოლ ლილუაშვილის საქმის განხილვისას გადაიჭრა ანდრია ლილუაშვილის საქმის განხილვაში. რატომ აკეთებს ამას ბრალდების მხარე, ჩემთვის ცოტა გაუგებარია იქიდან გამომდინარე, რომ ანდრია ლილუაშვილს, როგორც ბიზნესმენს, კონკრეტულ ბიზნეს-საქმიანობაში რა ინვესტირებული თანხა ჰქონდა და როგორც უფრო მაღალი ფინანსური ბიუჯეტით ინვესტირებულ პირსა და ერთ-ერთ მეწილეს რა თანხა უნდა მიეღო, სულ სხვა მიმართულებით წავიდა.
პროცესზე დაისვა კითხვა, რამდენად ხშირი იყო ანდრია ლილუაშვილის სტუმრობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ექვსი წლის მანძილზე. მან განმარტა, რომ რამდენჯერმე ნამდვილად არის ნამყოფი, თუმცა ყველა წესის დაცვით, როგორც ნებისმიერი ვიზიტორი უნდა შესულიყო და მისი არცერთი ვიზიტი არანაირად არ უკავშირდება რაიმე უკანონო ქმედების განხორციელებას. მან მიზეზიც ახსნა, თუ რატომ განხორციელდა რამდენიმე ვიზიტი – ანდრია ლილუაშვილმა თავისი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა, რაც იყო საფუძველი და რის გამოც მოუწია ვიზიტი”, – განაცხადა ადვოკატმა.
