პრემიუმ კლასის იტალიური ავეჯი ცენტრალური შემსყიდველი ორგანოსთვის – სამთავრობო უწყება ოცნების დეპუტატის, ანტონ ობოლაშვილის მდგმური ხდება და ახალ ოფისში ძვირადღირებული ავეჯი მიაქვს.
ჩინოვნიკების კაბინეტებისთვის ბიუჯეტიდან დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარია გამოყოფილი. საიჯარო ხელშეკრულების თანახმად ცენტრალური შემსყიდველი ორგანო მომდევნო 3 წელი ანტონ ობოლაშვილის კომპანიის შენობაში იმუშავებს.
შენობაში, სადაც წესით 25 სექტემბერს უნდა გადავიდეს ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, რემონტრი ჯერ დასრულებული არ არის.
ფართის მფლობელი “ველ ჰაუს დეველოპმენტია” – ცენტრალური შემსყიდველი ორგანო შენობის მესამე და მეოთხე სართულზე გადავა.
“ველ ჰაუს დეველოპმენტი” “გლობალ ფარმის” შვილობილი კომპანიაა, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი სწორედ ზემოთ ხსენებული “ოცნების” დეპუტატი ანტონ ობოლაშვილია.
რაც შეეხება ავეჯს, ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ ოფისის მოსაწყობად ხელშეკრულება გააფორმა კომპანიასთან და ერთ მაგიდაში იდიან 9680 ლარს. ასევე კარადაში 4080 ლარს და ასეთ სამ კარადას ყიდულობენ. ასევე დოკუმენტების თანახმად, ერთ გორგოლაჭიან სკამში უწყება 4230 ლარს იხდის და ეს მხოლოდ ავეჯის მცირე ჩამონათვალია.
ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ხელმძღვანელი, ლევან რაზმაძე ირწმუნება, რომ იტალიურს ავეჯშ თურქული ავეჯის ფასს იხდიან და სწორედ ამიტომ შეაჩერეს მასზე არჩევანი.
“შეგვეძლო ჩინური ჩამოგვეტანა, მაგრამ დრო არ გვყოფნის, დროულად უნდა გადავიდეთ” – ამბობს ლევან რაზმაძე.
ფასით შევაჩერეთ არჩევანი (ობოლაშვილის კომპანიაზე) და მომსახურების საუკეთესო ვარიანტით. რაც შეეხება იტალიურ ავეჯს, ეს არის დაბალფასიანი სეგმენტი, რომელიც თურქულის ფასში იყო. ბაზრის კვლევის დროს აღმოჩნდა, რომ იტალიური პროდუქცია იყო იგივე ფასის, რაც თურქული და ამ ნაწილში გადაწყვეტილება მივიღეთ. მეორე ის, რომ შეგვეძლო ჩინური ჩამოგვეტანა, მაგრამ დრო არ გვყოფნის, დროულად უნდა გადავიდეთ ამ ოფისში. არ გვაქვს ფართი”, – ამბობს ლევან რაზმაძე.
