ლინდსი კლენსის საქმის ნაფიცმა მსაჯულებმა პირველად ისაუბრეს იმ მძიმე თათბირის შესახებ, რომელიც საბოლოოდ ხმაურიან დაპირისპირებაში გადაიზარდა. ერთმა ნაფიცმა მსაჯულმა საბოლოო გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა, რის გამოც კოლეგიამ ერთსულოვანი განაჩენის გამოტანა ვერ შეძლო და საქმე განაჩენის გარეშე დასრულდა.
მამაკაცი კლენსის “სიგიჟის დიაგნოზით” გამართლებას აპირებდა, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში გონივრული ეჭვის არსებობას აღიარებდა.
ლინდსი კლენსი საკუთარი სამი მცირეწლოვანი შვილის – კორის, დოუსონისა და კალანის – მკვლელობაშია ბრალდებული. პროკურატურის ვერსიით, ქალმა ბავშვები დაახრჩო, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა. დაცვის მხარის განცხადებით, დანაშაულის ჩადენის დროს მას მშობიარობის შემდგომი ფსიქოზი ჰქონდა, რის გამოც საკუთარი ქმედებების გააზრება და მათი შედეგების შეფასება არ შეეძლო. სასამართლო პროცესი ხუთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, ნაფიც მსაჯულებს კი დაახლოებით 300 მტკიცებულების განხილვა მოუწიათ.
ნაფიც მსაჯულებს კლენსის საქმეზე ხუთი შესაძლო გადაწყვეტილება ჰქონდათ: მათ შეეძლოთ ის პირველი ან მეორე ხარისხის მკვლელობაში, ასევე გაუფრთხილებლობით ჩადენილ მკვლელობაში დამნაშავედ ეცნოთ. სხვა ვარიანტი იყო მისი სრული გამართლება ან პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება ფსიქიკური მდგომარეობის გამო.
ნაფიცი მსაჯულების თქმით, მსჯელობის დროს ერთ-ერთმა მამაკაცმა აღიარა, რომ საქმეში გონივრული ეჭვი არსებობდა, თუმცა კლენსის ფსიქიკური მდგომარეობის გამო გასამართლებას მაინც არ ეთანხმებოდა.
მამაკაცი ასევე ინტერესდებოდა იმ მედიკამენტებით, რომლებსაც კლენსი იღებდა. ნაფიცმა მსაჯულებმა ამ საკითხთან დაკავშირებით შეისწავლეს ტოქსიკოლოგიური დასკვნები და საავადმყოფოს ჩანაწერები, სადაც კლენსი ბავშვების მკვლელობის შემდეგ თვითმკვლელობის მცდელობის გამო მკურნალობდა.
