“მე ვიცოდი რომ ეს ამბავი იგეგმებოდა ალბათ 2-3 კვირით ადრე… გურიკა იმ დღეს კი არა საერთოდ არ მინახავს“ – ამბობს 12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის საქმის ერთ-ერთი მოწმე ადვოკატთან საუბრისას.
საქმე ეხება 2014 წელს გაუჩინარებულ 17 წლის გურამ დადიანიძეს. დედა მას 12 წელია უშედეგოდ ეძებს. 2014 წელს თბილისიდან ლომისობაზე მლეთაში ახალგაზრდების 14-კაციანი ჯგუფი ჩავიდა, მათ თან ერთი ზრდასრული ადამიანიც ახლდათ – ბიჭის მამიდის ახლობელი. თავდაპირველი ვერსიით, მოზარდთან მყოფი პირები ჰყვებოდნენ, რომ ის ქვაზე ჩამოჯდა, მთიდან ჩამოსულ თანატოლებს უთხრა, რომ გზა გაეგრძელებინათ და დაეწეოდა, თუმცა ქვემოთ მდგარ მიკროავტობუსში აღარ დაბრუნდა. დედის თქმით, ჯგუფი თბილისში ჩავიდა, მათ დაკარგული ბიჭის მამიდას უთხრეს, რომ გურამს გზა აერია და ჰკითხეს, ხომ არ მისულა მასთან. დედის ვერსიით, ექსკურსიაზე მყოფებმა გამოძიება შეცდომაში შეიყვანეს – მისი შვილი სავარაუდოდ, ქვაზე არ ჩამოჯდა და მაღლა, მთიდან ჩამოსვლამდე დაიკარგა.
სოფო ბიბილაშვილი საგამოძიებო უწყებას გულგრილობაში ადანაშაულებს.
