ევროსაბჭო გამოქვეყნებულ პრესრელიზში ადასტურებს, რომ ადამიანის უფლებათა კომისარმა “ქართული ოცნების” “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ” კანონის წინააღმდეგ მოსაზრებით ევროსასამართლოს მიმართა.
პრესრელიზი ევროსაბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თავის წერილობით მოსაზრებებში აღნიშნავს, რომ “უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ” კანონის დებულებები შეუსაბამოა კანონიერების, ლეგიტიმურობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის კრიტერიუმებთან.
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, მაიკლ ო’ფლაჰერტიმ, დღეს გამოაქვეყნა თავისი წერილობითი მოსაზრებები საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (N2)“, რომელიც ამჟამად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განიხილება.
საქმე ეხება საქართველოს 2025 წლის „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონს, რომელიც სთხოვს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც უცხოური ძალის სახელით ეწევიან „პოლიტიკურ საქმიანობას“, დარეგისტრირდნენ „უცხოური ძალის აგენტებად“.
თავის წერილობით მოსაზრებებში კომისარი აღნიშნავს, რომ ეს კანონი წარმოადგენს უფრო ფართო ტენდენციის ნაწილს, რომელიც მიმართულია სამოქალაქო საზოგადოების გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებების შეზღუდვისკენ. მას მიაჩნია, რომ კანონის დებულებები შეუსაბამოა კანონიერების, ლეგიტიმურობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის კრიტერიუმებთან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 (მე-2 ნაწილი) და მე-11 (მე-2 ნაწილი) მუხლების გაგებით. გარდა ამისა, კომისარი მიუთითებს, რომ კანონის რამდენიმე ასპექტი ეწინააღმდეგება მისსავე დეკლარირებულ მიზანს, რაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას გულისხმობს,” – წერია პრესრელიზში.
