თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გულბაათ რცხილაძის პროცესზე დღეს მხარეებმა მოსამართლე გიორგი გელაშვილთან ერთად წერილობითი, აუდიო და ვიდეო მტკიცებულებები განიხილეს.
გულბაათ რცხილაძის ადვოკატის, ლაშა გოლუბიანის განცხადებით, მოცემული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ბრალდებულმა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა, ან ჯაშუშური საქმიანობა განახორციელა.
დამატებითი მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა. გულბაათის პოზიცია იგივე რჩება და კატეგორიული, რომ იგი არის უდანაშაულო, არის ბრძოლისკენ მოწოდებული და ჩვენ დავამტკიცებთ ნამდვილად, რომ გულბაათი ტყუილუბრალოდ ჰყავთ დაკავებული.
წერილობითი, აუდიო და ვიდეო მტკიცებულებები გამოვიკვლიეთ, რომლითაც ვერ დასტურდება, ვერ ვიტყვი რას ეხება ეს მტკიცებულებები, მაგრამ ვერ დასტურდება, რომ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა გულბაათმა, ან ჯაშუშური საქმიანობა განახორციელა.
საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვება არ ჰქონია, ქვეყნის ინტერესები არ დაუზიანებია, სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან არ თანამშრომლობდა, იყო ანალიტიკოსი, ექსპერტი, Google-ის მეშვეობით გარკვეულ ინფორმაციას მოიძიებდა და ანალიზს აკეთებდა, რომელსაც საჯაროდ ამბობდა,” – ამბობს ლაშა გოლუბიანი.
საქმეზე მოწმეების გამოკითხვა, სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან დაიწყება.
დღევანდელ პროცესზე გულბაათ რცხილაძის მხარდამჭერები ბანერებით მივიდნენ: “ჯაშუშები თავად ხართ”.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გულბაათ რცხილაძე ჯაშუშობის ბრალდებით 30 მაისს დააკავა.
სუს-ში აცხადებენ, რომ ბრალდებული ერთდროულად თანამშრომლობდა ორი უცხო სახელმწიფოს სპეციალურ სამსახურებთან და ახორციელებდა პარალელურ სადაზვერვო საქმიანობას.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ პასუხობს კითხვას, რომელია ის ორი ქვეყანა, რომელსაც, გამოძიების ვერსიით, ბრალდებული სადაზვერვო ინფორმაციას აწვდიდა.
გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის 1 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
