მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში 1 700 ტონამდე ბენზინი შევიდა, რაც მოხმარებული ბენზინის თითქმის 20%-ია. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.
აღნიშნული საწვავი ოკუპირებულ რეგიონში კომპანია “სოლიდუსმა” შეიტანა. როგორც ირკვევა, მიწოდება ენგურის ხიდის გავლით სექტემბერშიც გრძელდება, თუმცა უცნობია, რა რაოდენობით.
მოძრაობა “სამოქალაქო თანხმობის” დამფუძნებელი, შმაგი სამხარაძე ამბობს, რომ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში გატანილი საწვავი იყიდება და ეს ჰუმანიტარული დახმარება არ არის.
როგორც ვიცით, აგვისტოში, იქ მოხმარებული საწვავის 20%-მდე შევიდა ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიიდან და საუბარია 1 700 ტონა ბენზინზე. ეს ყველაფერი გრძელდება, ისინი ამას ყიდულობენ, ეს არ არის ჰუმანიტარული დახმარება.
ჩემი აზრით, მსგავსი აქტი, რაც შეეხება ნელ-ნელა პროდუქციის შეტანას ჩვენი მხრიდან და ასევე რაც შეეხება მკურნალობას, განათლებას, ეს ყველაფერი არის მისასალმებელი, ეს ზრდის ოკუპირებული ტერიტორიის დამოკიდებულებას ცენტრალურ ხელისუფლებაზე და პარალელურად, ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ აღვკვეთოთ სხვა მხრიდან რაიმე სახის ვაჭრობა, იქნება ეს თურქეთი, თუ შავი ზღვის სხვა სახელმწიფოები. ჩვენ ახლა ამ ეტაპზე არ შეგვიძლია გავაკონტროლოთ, თუ რა პროდუქტი შედის რუსეთიდან, მაგრამ რაც შეეხება სხვას, უნდა გავზარდოთ ჩვენი მონაწილეობა,” – თქვა შმაგი სამხარაძემ.
“მოძრაობა აფხაზეთისთვის” დამფუძნებლის, კონფლიქტების საკითხების ექსპერტის, ნუკრი ნოდიას თქმით, საწვავი რეალურად მოსახლეობამდე არ მისულა და ჩნდება კითხვები, სად მიდის ბენზინი.
კითხვები ბევრი არსებობს. დღესდღეობით მწვავე კრიზისი ოკუპირებულ აფხაზეთში არ დგას, თუმცა ჩვენ გვაქვს კითხვები რეალურად სად მიდის ეს საწვავი და ეს ბუნდოვანება, რა თქმა უნდა, ნდობის აღდგენას არანაირად არ უწყობს ხელს. რისკები იყო, რა თქმა უნდა და სწორედ იმ მწვავე კრიზისში შევიდა ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიიდან ეს საწვავი და რეალურად ის კრიზისი, როდესაც უკვე აქედან აწვდიდნენ საწვავს, რეალურად სამოქალაქო სექტორამდე არ მისულა, მოსახლეობამდე არ მისულა და იდგა ერთი კვირა, სად წავიდა ამდენი საწვავი, კითხვა იბადება,” – ამბობს ნუკრი ნოდია.
