აზოვისა და შავ ზღვებში რუსული საექსპორტო მარშრუტების ბლოკირების შედეგად, საქართველოზე გამავალ დერეფანს რუსეთის მარცვლეულის მოზიდვისა და გატარების შესაძლებლობა ეძლევა, – ამის შესახებ ანალიტიკურ მასალას „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი“ (TCRC) აქვეყნებს.
TCRC-ის შეფასებით, აღნიშნულ დერეფანს, პოლიტიკური მნიშვნელობის გარდა, ეკონომიკური მიმზიდველობაც ექნება. ამისთვის კი შესაძლოა, საჭირო გახდეს რუსეთ-აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის ერთობლივი საწარმოს შექმნა და ერთიანი ოპერატორის დაფუძნება.
ცენტრის ინფორმაციით, აზოვისა და შავი ზღვის აუზის რუსული ნავსადგურების ბლოკირებამ, ასევე ბალტიისპირეთის ქვეყნების გავლით ტრანზიტის შეზღუდვამ, რუსეთის მარცვლეულით ვაჭრობის არსებული ლოგისტიკური რუკა მნიშვნელოვნად შეცვალა.
„აზოვისა და შავი ზღვის აუზის ნავსადგურების ხანგრძლივი ბლოკადის შემთხვევაში, რუსეთის მარცვლეულის 25-30 მლნ ტონა ექსპორტისთვის საჭირო ლოგისტიკური შესაძლებლობები ხელმისაწვდომი აღარ იქნება. რუსეთი მილიონობით ტონა მარცვლეულის გასაღებისთვის იძულებული გახდება ახალი ბაზრები და მარშრუტები მოიძიოს“, – წერს TCRC.
ცენტრის შეფასებით, თურქეთისთვის მარცვლეულის მიწოდების ერთ-ერთ ალტერნატიულ დერეფნად შესაძლოა, რუსეთის ცენტრალური რეგიონებიდან აზერბაიჯან-საქართველოს რკინიგზისა და შემდგომ მარაბდა-ახალქალაქი-ყარსის მიმართულების გამოყენება იქცეს.
რუსეთი თურქეთისთვის ხორბლის ერთ-ერთი მთავარი მომწოდებელია. არსებული მონაცემებით, შავი ზღვის ნავსადგურების გამოყენებით რუსეთი თურქეთში წლიურად დაახლოებით 5-დან 8 მლნ ტონამდე მარცვლეულს აგზავნის. ტვირთი თურქეთის სხვადასხვა ნავსადგურში შედის, თუმცა ძირითადად სამსუნის ნავსადგური გამოიყენება.
TCRC-ის განმარტებით, საომარი პირობებისა და საზღვაო დერეფნების ბლოკირების ფონზე რუსეთი იძულებულია, საზღვაო მარშრუტების ალტერნატივა სახმელეთო გადაზიდვებში ეძებოს.
„ასეთ ვითარებაში არსებობს რუსული ხორბლის გადაზიდვის სახმელეთო ალტერნატივა – აზერბაიჯანისა და საქართველოს რკინიგზების გამოყენებით, შემდგომ კი მარაბდა-ახალქალაქის მიმართულებით ყარსამდე“, – აღნიშნულია ანალიტიკურ მასალაში.
ამავე დერეფნის ნაწილი დღეს უკვე გამოიყენება სომხეთისთვის მარცვლეულის მიწოდების მიზნით. რუსეთის ულიანოვსკის ოლქიდან მარცვლეული აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით სომხეთს სარკინიგზო გზით მიეწოდება.
ცენტრის შეფასებით, აღნიშნული ლოგისტიკური სქემა მარტივად შეიძლება ადაპტირდეს თურქეთის მიმართულებითაც.
TCRC ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ეკონომიკურ ინტერესზეც. სომხეთის მიმართულებით ტრანზიტისას ტვირთი საქართველოს ტერიტორიაზე დაახლოებით 111 კმ სარკინიგზო მანძილს გადის, მაშინ როდესაც თურქეთის მიმართულებით რუსული მარცვლეულის გადაზიდვის შემთხვევაში საქართველოს სარკინიგზო დერეფანი დაახლოებით 400 კმ-ზე დაიტვირთება.
„თუ რუსული ხორბალი თურქეთის მიმართულებით საქართველოს რკინიგზის გამოყენებით წავა, საქართველოს ეკონომიკური სარგებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება. თურქეთისთვის სავარაუდო წლიური 1.5 მლნ ტონა მარცვლეულის მოთხოვნის პირობებში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა დამატებით მიმზიდველობას შეიძენს და ფინანსური წონასწორობის რეჟიმს მიუახლოვდება“, – მიიჩნევს ცენტრი.
ამასთან, TCRC აღნიშნავს, რომ მარშრუტის გამოყენებას გარკვეული ლოგისტიკური სირთულეებიც ახლავს. კერძოდ, ახალქალაქის სადგური ძირითადად საკონტეინერო გადაზიდვებზეა ადაპტირებული და მარცვლეულის დიდი მოცულობით გადაზიდვისთვის შესაძლოა, დამატებითი ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებები გახდეს საჭირო.
რუსული მარცვლეულის ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტით გადაზიდვის საკითხი წარსულშიც აქტუალური იყო. 2016 წელს რუსეთსა და აზერბაიჯანს მარცვლეულის გადაზიდვის მიზნით ერთობლივი კომპანია „АзРусТранс“ ჰქონდათ შექმნილი, რომელიც სპეციალიზებულ მარცვლეულის ვაგონებს მართავდა და სამიზნე ბაზრებს შორის აღმოსავლეთ თურქეთიც განიხილებოდა.
2018 წელს რუსეთიდან თურქეთში მარცვლეულის საცდელი გადაზიდვაც განხორციელდა. ორენბურგის ოლქიდან დატვირთული ვაგონები ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გავლით ყარსში ჩავიდა.
2019 წელს კი რუსულმა კომპანია „РЖД Логистика“-მ და თურქულმა Pasifik Eurasia Logistics-მა ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულებით ტვირთების მოზიდვის მიზნით ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
TCRC-ის შეფასებით, შექმნილი ვითარება საქართველოსთვის ახალი ეკონომიკური შესაძლებლობაა. საზღვაო მარშრუტების შეზღუდვის პირობებში, რუსული მარცვლეულის სახმელეთო დერეფნით თურქეთის მიმართულებით გადაზიდვამ შესაძლოა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის დატვირთვა და საქართველოს სატრანზიტო როლის მნიშვნელობა გაზარდოს.
