ცრუ კამპანიის ორგანიზატორი თუ მონაწილე? – მმართველი გუნდი ირაკლი ღარიბაშვილის როლთან დაკავშირებით ამ კითხვას სვამს. საქმე ეხება ლაზარე ჯორბენაძის მიერ „ასავალ-დასავალისთის“ მიცემულ ინტერვიუს, რომლის აუდიოჩანაწერი „იმედის კვირამ“ გაავრცელა, საიდანაც ირკვევა, რომ ჯორბენაძეს დავით-გარეჯის საკითხთან დაკავშირებით არანაირი ზუსტი და სერიოზული ინფორმაცია არ აქვს.
„საკითხავი ის არის, ირაკლი ღარიბაშვილი ჩაერთო ამ კამპანიაში თუ მის მიერ არის ორგანიზებული ეს ყველაფერი. ალბათ არ შეიძლება, რომ საკუთარი თავის გადასარჩენად გამოიყენო გარდაცვლილი ადამიანის მიერ მიცემული ისეთი ინტერვიუ, რომელსაც ინტერვიუს ვერ ვუწოდებთ“, – მიიჩნევს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.
თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი კი ღარიბაშვილის წერილებს პროპაგანდისტულ ნაბიჯად აფასებს.
„ეს არის წმინდა წყლის პროპაგანდისტული ნაბიჯი, რომელსაც უნდა დაეზიანებინა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, მაგრამ ფაქტი ერთია – არავითარი დამატებითი საკითხები, მათ შორის გარეჯის მონაკვეთთან დაკავშირებით, არ მომხდარა. ყველაზე გულდასაწყვეტი ის არის, რომ ეს ღარიბაშვილმა თვითონაც კარგად იცის, იმიტომ რომ წლების განმავლობაში თვალყურს ადევნებდა და ხელმძღვანელობდა საერთაშორისო ურთიერთობებსაც, იმიტომ რომ პრემიერ-მინისტრი იყო“, – განაცხადა შარმანაშვილმა.
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი კი კონკრეტული მტკიცებულებების გამოქვეყნების საჭიროებაზე მიუთითებს.
„რაც გაჟღერდა, იმაშიც ჩანს, რომ რაიმე დეტალებზე, კონკრეტიკაზე საუბარი უძნელდებოდა თავად ამ ადამიანს. ამავდროულად, ეს ძალიან სენსიტიური საკითხია, იმიტომ რომ მოხდა სუიციდის ფაქტი. თუკი არსებობს რაიმე ტიპის მტკიცებულება, მაშინ ეს უნდა გამოაქვეყნონ, თქვან, დეტალებში, მოწმეებით და ა.შ.“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.
