სამწუხაროა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ამ ტრენდის ერთ-ერთი მონაწილე გახდა, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ. ის ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
„ჯორბენაძის თემა ერთადერთი არაა, აქ არის უშველებელი რაოდენობა თემებისა, რომელიც წარმოშვეს და ცდილობენ აქედან ისტერიული ფონი შექმნან, რომ რევოლუციურ სცენარში გარკვეული განვითარება მიიღოს ხელისუფლების დისკრედიტაციის ამ ბინძურმა კამპანიამ. სამწუხაროა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ამ ტრენდის ერთ-ერთი მონაწილე გახდა“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე გაკეთებული განცხადებების გამო, პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვები მიმდინარეობს. დადასტურდა, რომ ოპოზიციონერებმა ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე არაფერი იციან და მთავარი წყარო მათთვის ირაკლი ღარიბაშვილია.
პატიმრობაში მყოფმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მორიგი წერილი გამოაქვეყნა, სადაც აცხადებს, რომ პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვას – რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი.
