ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გაკეთებული საჯარო განცხადებების საფუძველზე გამოკითხვები დღესაც გაგრძელდება.
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, თაზო დათუნაშვილი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე გამოიკითხებიან.
არსებული ინფორმაციით, სასამართლოში, გამოკითხვაზე მივა ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანიც.
საქმე ეხება უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების ფაქტს. თავდაპირველად, აღნიშნული პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კითხვები ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დასვა. როგორც ღარიბაშვილი ციხიდან გავრცელებულ წერილში წერს, „საზოგადოებაში დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“.
აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტი დაადასტურა. ამის მიუხედავად, უწყების ცნობით, მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვაზე დაიბარეს: ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური.
მათი ნაწილი გუშინ, საგამოძიებო ორგანოში უკვე გამოიკითხა.
